ჩვეულებრივი კოწახური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი კოწახური

ჩვეულებრივი კოწახური – (Berberis vulgaris L.); ოჯახი: კოწახურისებრნი (Berberidaceae). ხე ან ბუჩქია, 3 მ-მდე სიმაღლისა. ქაცვისებური ეკლები სამადაა დაყოფილი ან ნორჩ ტოტებზე ზედა ეკლები მარტოულია. ფოთლები თხელია, შიშველი, მწვანე ფერისა. ფორმით – ელიფსურიდან მოგრძო ლანცეტურამდე. ფუძისკენ შევიწროებულია და კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ქვევით ჩამოკიდებული. ყვავილი – ყვითელი. ნაყოფი ელიფსურია, წითელი, იშვიათად – ყვითელი. ყვ. ნაყ. V-VII. გავრცელებულია ტყისპირა ადგილებში, ხეობებში, ბუჩქნარებში. გვხვდება კახეთში თითქმის ყველგან. მისი ნახვა შესაძლებელია სოფლების: კონდოლის, შენაქოს, ხისოს მიდამოებში, გარეჯში და ა.შ.

ჩვეულებრივი კოწახური — მეგრულად – კორწოხული, დაბალი 2,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, მთლიანი ფოთლებითა და ეკლებად გადაქცეული თანაფოთლებით. პირველი წლის ტოტები მონაცრისფრო-მწვანე შეფერილობისაა, მეორე წელს ნაცრისფერი ხდება. ფოთოლი თხელია, შიშველი, მწვანე,ელიფსურიდან მოგრძო ლანცეტისებრი ფორმის, ბლაგვი, ფუძისკენ შევიწროებული და კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილი ყვითელია, შეკრებილია ფოთლების იღლიებში მტევნისებრ ყვავილედებად, გვირგვინის ფურცლები 6, კრამიტისებრ 2 წრედაა განლაგებული, გვირგვინის ფურცლების შიგნითა მხარეზე, ძირთან მოთავსებულია ერთი წვრილი ოვალური ჯირკვალი – სანექტრე. ნაყოფი თვითუხსნადი, ხორცოვანი, ელიფსური, წითელი, უფრო იშვიათად ყვითელი ან ვარდისფერი, 2-3 წიპწიანი კენკრაა. ყვ. V-VI; ნაყ. VIII-IX.

იზრდება ტყის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე, ტყეებში, ტყის პირებზე, ხეობებში. სამკურნალო ნედლეულს ფოთლები, ფესვები, ნაყოფები წარმოადგენს. ფესვები შეიცავს: ალკალოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ვიტამინებს (C, E, B, კაროტინს); ნაყოფები — ვიტამინ C-ს, კაროტინოიდებს, ორგანულ მჟავებს, პექტინებს; ნორჩი ფოთლები — C ვიტამინს, ვაშლის მჟავას, კაროტინს.

ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიმიკრობული, მთრიმლავი, სისხლდენის შემაჩერებელი, ანტისეპტიკური, სიცხისდამწევი, მსუბუქი საფაღარათო, ჰიპოტონიური, სედატიური მოქმედებით.

მეცნიერულ მედიცინაში გამოიყენება C ვიტამინისა და პრეპარატ ბერბერინის მისაღებად. იხმარება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების, საშვილოსნოდან სისხლდენების დროს. ძველ ქართულ ხალხურ მედიცინაში კოწახურს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ; ნაყოფებისაგან ამზადებდნენ შარბათს, იხმარებოდა სურავანდის, გულის დაავადებების, პირღებინების, მაღალი სიცხის, წელის ტკივილის, სისხლდენისა და შეკრულობის დროს; ფესვების ნახარშს — სიყვითლის, ცინგის, შეუკავებელი შარდვის, ღვიძლისა და ელენთის ტკივილების, თირკმელისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისას.

ნაყოფი უკუმაჩვენებელია საერთო და კლიმაქტერიული სისხლდენებისას, ხოლო ქერქიდან და ფესვებიდან მიღებული პრეპარატები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ტრომბოფლებიტის, თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმების დროს (ბიძინაშვილი, 2017).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები