ჩვეულებრივი მატიტელა
Polygonaceae – ოჯ. მატიტელასებრნი - Polygonum aviculare L. – ჩვეულებრივი მატიტელა
ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 10-40 სმ სიმაღლის გართხმული ან წამოწეული ღეროებით. ფოთლები მოყვანილობით კვერცხისებრიდან დაწყებული ხაზურამდეა, თავბლაგვი ან ოდნავ წაწვეტებული. ყვავილები 2-5 ერთად ფოთლის იღლიებშია განლაგებული; ყვავილსაფარი მწვანეა და ნაპირები თეთრი აქვს ან მოვარდისფრო. ნაყოფი თითქმის სამწახნაგოვანია, მუქი ყავისფერი ან მოშავო, სიგრძეზე ოდნავ დაღარული. ყვ. V-X. ნაყ. VI-X.
ფართოდაა გავრცელებული, იზრდება მთის შუა სარტყლამდე გზის პირებზე, ეზოებსა და ნათესებში, რუდერალურ ადგილებზე. სამკურნალოდ ბალახი გამოიყენება, შეგროვილი ყვავილობის პერიოდში.
შეიცავს ეთერზეთებს, დიჰიდროასკორბინის და ასკორბინის მჟავებს, კაროტინს, ვიტამინ C, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ნახშირწყლებს, ფისებს, სალიციუმის მჟავას.
ხასიათდება ანტისიმსივნური, ანტიმიკრობული, იმუნიტეტის ამწევი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენისშემაჩერებელი, სისხლის გამწმენდი, ჭრილობების შემახორცებელი, ოფლმდენი, მატონიზირებელი, ტკივილგამაყუჩებელი, სიცხისა და ზომიერად წნევის დამწევი, შარდსადინარ გზებში მინერალური მარილების კრისტალიზაციის შემამცირებელი, შარდმდენი, ორგანიზმიდან ნატრიუმისა და ქლორის გამომტანი, ჭიისმდენი მოქმედებით.
ხალხურ მედიცინაში ნაყენი და ნახარში გამოიყენება ნაღველკენჭოვანი დაავადების, თირკმელებში და შარდის ბუშტში ქვიშისა და კენჭების, ფილტვების ტუბერკულოზის, რევმატიზმის, მალარიის, დიზენტერიის, სიყვითლის, თირკმლისმიერი შეშუპების, ნიკრისის ქარის, პოლიარტრიტის, სიმსუქნის, ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის, პლევრიტის, ციებ-ცხელების, ხველების, ყივანახველის, მძიმე დაავადებებით გამოწვეული ძალების დაკარგვის, გასტრიტის, კოლიტის, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი პროცესების, შარდკენჭოვანი დაავადებების, საშვილოსნოს და ჰემოროიდალური სისხლდენის, უხვი მენსტრუაციის, მინერალური ცვლის მოშლით მიმდინარე შარდგამომტანი გზების ქრონიკული დავადებების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების, ხრინწიანობის დროს. იხმარება ასევე, კანის სხვადასხვა დაავადებების (ფერიმჭამელები, ჩირქოვანი ჭრილობები, ფურუნკულები, დერმატიტი) სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში იხმარება სიცხისა და ციებ-ცხელების დროს; აგრეთვე შინაური ფრინველის საკვებად. ფესვიდან მიიღება ლურჯი ფერის საღებავი.
უკუმაჩვენებელია თირკმელებსა და შარდის ბუშტში მიმდინარე მწვავე ანთებითი პროცესებისა და ფეხმძიმობის დროს.