ჩვეულებრივი ფლამინგო
ჩვეულებრივი ფლამინგო (ლათ. Phoenicopterus ruber Linnaeus, 1758) − ფრინველი ფლამინგოსებრთა ოჯახიდან. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 355-460 მმ-ია, გალო − 260-370 მმ, ნისკარტი (ქორდაზე) − 115-135 მმ, წონა − 2500-4500 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფლამინგოს საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ სხეულის ზოგიერთ ნაწილზე აქვს მეტ-ნაკლები ინტენსივობის ვარდისფერი ელფერი. ფრთების ზემო და ქვემო მფარავები, მეორე რიგის შიგნითა მომქნევები და იღლიის ბუმბულები ალისფერ-ვარდისფერია. მომქნევები შავია, საჭის ბუმბულები მოვარდისფრო. სახის ტიტველი ნაწილები წითელია. ნისკარტი მის ძირითად ნაწილში ვარდისფერია, ხოლო წვეროს ნახევარში − შავი. ვარდისფერია ფეხებიც.
აღწერილია 3 ქვესახეობა საქართველოში გვხვდება ევროპული ფლამინგო − P. r. roseus Pallas, 1811.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სსრ კავშირში ფლამინგო ამჟამად მხოლოდ ყაზახეთში ბუდობს კასპიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სსრკ ფარგლებს გარეთ მოიპოვება სამხრეთ ესპანეთში, მწვანე კონცხის კუნძულებზე, ტუნისში, სპარსეთის ყურეში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში. გადამფრენი ფრინველია. სსრკ ტერიტორიაზე ზამთრობს კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე, უმთავრესად ლენქორანის მიდამოებში. საქართველოში მიმოფრენის დროს ნაპოვნია აფხაზეთში და ფარავნის ტბაზე.
ბიოტოპი
ტიპობრივი ადგილსამყოფელოა ზღვებისა და მლაშე ტბების თავთხელი სანაპიროები ან კუნძულები, რომლებიც ადამიანისათვის ძნელად მისადგომია და ღარიბია ხმელეთის მცენარეულობით.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს კოლონიებად. მაისში იკეთებს ბუდეს მიწაზე − უშუალოდ წყლის მახლობლად, ზოგჯერ წყალშიც. დებს 1-3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 30-32 დღეს გრძელდება.
კვება
ფლამინგოს საკვებს შეადგენენ მლაშე წყლის შლამიან ფსკერზე მცხოვრები უხერხემლო ცხოველები − პატარა ზომის მწერები, კიბოსნაირები, ლოკოკინები, ჭიები, აგრეთვე წყალმცენარეები.
მნიშვნელობა
სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ძვირფასი დეკორატიული ფრინველია.