ჩვეულებრივი ჯონჯოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი ჯონჯოლი

ჩვეულებრივი ჯონჯოლი – (Staphylea pinnata L.);
ოჯახი: ჯონჯოლისებრნი (Staphyleaceae)
მეგრულად – ჯუმენე, ჯიჯალე, ჯიჯაე.

ბუჩქია ან პატარა ხე, სიმაღლით 5 მ-მდე. ტოტები მოყვითალო მურა ფერისაა, ყლორტები – შიშველი და მწვანე. ფოთლები კენტფრთისებურია, 5-7-ფოთოლაკიანი. ფოთოლაკები მოგრძო-ელიფსურია, ნაწილობრივ – ბასრხერხკბილა, ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა – მოლეგო მწვანე. ყვავილედი მტევანია ან საგველა. გვირგვინი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო ელფერით. ყვ. IV-V; ნაყ. VII-VIII. მცენარე გავრცელებულია ტყის ქვედა და შუა სარტყლებში. იზრდება ტყეებში, ნოყიერ და ქვიან სუბსტრატზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალაში, მდინარე სტორის ხეობაში. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.

თაფლოვანი მცენარეა. კოკრიანობის პერიოდში შეგროვილი ყვავილები მწნილის სახით გამოიყენება. ყვავილები და ნორჩი ყლორტები ხელს უწყობს მახსოვრობის გაძლიერებას, შველის საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობას, ხველებას, რადიკულიტს; კურნავს ღვიძლს, სასქესო სისტემას, კუჭ-ნაწლავებს. თესლები ნედლი და მოხალული საკვებად იხმარება. თესლი შეიცავს ცხიმზეთებს, რომელიც გემოვნებით ფსტის ზეთის ანალოგიურია. ზეთი ხასიათდება სუსტი სასაქმებელი მოქმედებით. მერქანი მაგარია, გამოიყენება სახარატო საქმეში.

შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“ (1982).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები