ჩიკვაიძე ნუგზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩიკვაიძე ნუგზარ − (1968), პოეტი. დაიბადა თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თელავის მე-4 საშუალო სკოლა, 1989 წელს კი − თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება: ქარელის წყალობის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი; წმიდა ილია მართლის სახელობის სალიტერატურო ჟურნალ „საქართველოს მოამბის” რედაქტორ-გამომცემელი; თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.
გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „სინათლისაკენ“ (1990), „მთის მწვერვალები“ (2003), „თოვს, დედას ძლიერ უყვარდა თოვა“ (2006).
- ქალო, წადი პაემანზე!
- გორდას მკერდი დაულეწავს,
- რაშმა ნისლი გადიყარა,
- შემოგხედა და უეცრად
- შეუყვარდი ნარიყალას...
- თრთოდნენ თმები და თვალები,
- სულის ვნება წამწამს იწვა,
- მოდიოდი ნათრთოლები
- და მოგქონდა ცა და მიწა.
- ნისლი − თითქოს დაძრწის მხეცი,
- ჩამოამსხვრევს ჰანგებს ლოდად,
- დაიმორცხვე... და ციხეცა
- მოთმინებით დაგელოდა...
- გრიგალის ხმა − ცად დამტკბარი,
- უფლის ცრემლში დაევანა,
- ნარიყალა, ცა და მტკვარი
- ცახცახებდნენ პაემანად.
- აგრე რატომ გაენაზე,
- გულზე ცეცხლის შემონთებავ,
- ქალო, წადი პაემანზე,
- ნარიყალა გელოდება!...