ჩინეთ-ინგლისის ერთობლივი დეკლარაცია სიანგანის შესახებ 1984
ჩინეთ-ინგლისის ერთობლივი დეკლარაცია სიანგანის შესახებ 1984 − ხელი მოაწერეს პეკინში 19 დეკემბერს, ძალაში შევიდა 1985 წლის 27 მაისს.
დეკლარაციის თანახმად. ჩინეთმა 1997 წლის 1 ივლისიდან ამ ტერიტორიაზე თავისი სუვერენიტეტი აღადგინა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ჩინეთისათვის ტერიტორიის დაბრუნების შემდეგ ახლანდელი სოციალურ-ეკონომიკური სისტემა, სიანგანის მოსახლეობის კანონები და ცხოვრების წესი მომდევნო 50 წლის მანძილზე ხელშეუხებელი დარჩება, შეიქმნება ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი – ჩინეთის სიანგანი. საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის საკითხები ჩინეთის მთავრობის კომპეტენციაში იქნება. ადმინისტრაციულ, საკანონმდებლო და სხვა საკითხებს ჩინეთის სიანგანის მთავრობა გადაწყვეტს, რომლის აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში „ადგილზე ჩატარებული არჩევნების შედეგების ან კონსულტაციების საფუძველზე ჩინეთის მთავრობის მიერ დანიშნული პირი იდგება, სიანგანისთვის თავისუფალი ნავსადგურის სტატუსისა და მისი როგორც საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შენარჩუნებასთან ერთად, გათვალისწინებულია აგრეთვე არსებული „ღია ბაზრისა“ და უცხოელთა საკუთრების შენარჩუნებაც. ჩინეთი არ მოსთხოვს სიანგანს ბეგარას. ჩინეთის სიანგანს ექნება შესაძლებლობა, განამტკიცოს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობანი სხვადასხვა სახელმწიფოებთან, რაიონებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის მთავრობის წარმომადგენლებს, როგორც ჩინეთის მთავრობის დელეგაციის წევრებს, შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ჩინეთის მიერ წარმოებულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომლებიც უშუალოდ შეეხება სიანგანს. ჩინეთის სიანგანს აქვს უფლება მონაწილეობდეს საერთაშორისო შეხვედრებში, რომლებიც სახელმწიფო დონეზე არ ტარდება. ჩინეთის წინამდებარე ძირითადი პოლიტიკური დებულებანი ჩამოყალიბდა სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის – ჩინეთის სიანგანის შესახებ ძირითადი კანონის სახით სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობაზე, გარდამავალ საფეხურზე (1985 წლის 27 მაისიდან– 1997 წლის 30 ივნისამდე) სიანგანის ადმინისტრაციულ მმართველობას დიდი ბრიტანეთი ახორციელებდა, ხოლო ჩინეთის მთავრობა მას ხელს უწყობდა ამ საქმეში.