ჩიტიშვილი მანანა
ჩიტიშვილი მანანა − (1954), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ კორინთაში (ახალგორი). 1974 წელს დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974-1981 წელს მუშაობდა ლენინგორის რაიონულ გაზეთში ჯერ პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი − რედაქტორის მოადგილედ, 1982-1985 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. პირველი ლექსი 13 წლის ასაკში დაწერა და ის ახალგორის რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა. 1972 წელს კი, მესამე კურსზე სწავლისას შედგა მისი პირველი სერიოზული ნათლობა, როცა „ლიტერატურულმა საქართველომ” მისი ლექსები დაბეჭდა. გამოქვეყნებული აქვს რვა პოეტური კრებული: „ქსანზე” (1979), „მინდვრის ფერადები” (1984), „ქართლის გზაზე” (1988), „მზის მოლოდინში” (1990), „შენ ჩემი ლოცვა გიშველის” (1997), „100 ლექსი” (2001), „მაინც საქართველო ერქვა” (2010)
- * * *
- ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს,
- იამინდა, გადაიღო თოვამ...
- ნეტავ, ჩვენ რომ არ ვიქნებით, იმ წელს
- რანაირი გაზაფხული მოვა?
- კვლავ ის ფერი თუ ექნებათ ნისლებს?
- ამ ცის თაღებს, ცისფრად შემოგარსულთ?
- ან ტყემალი ემსგავსება ისევ,
- ქორწილიდან გამოპარულ ასულს?
- მთებსა ვძრავდით სასურველის პოვნად,
- ვგავდით ჟინით მყვირალობის ირმებს.
- ან იმ ქვეყნად მიგვდევს ვინმეს ხსოვნა,
- ან ამ ქვეყნად ვეხსომებით ვინმეს?!
- ქარი ახლა საალერსოდ მიწვევს.
- სულს მოსწყურდი... გადაიღო თოვამ,
- ნეტავ, ჩვენ რომ არ ვიქნებით, იმ წელს,
- რანაირი გაზაფხული მოვა.