ჩიჩილაკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩიჩილაკი

ჩიჩილაკი - საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხე.

ჩიჩილაკისთვის შეარჩევდნენ თხილის ტოტს. კალანდობამდე რამდენიმე დღით ადრე მოჭრიდნენ და შეინახავდნენ. წინა დღეებში ოჯახის უფროსი იწყებდა მის დამზადებას. საჩიჩილაკე ჯოხს ცეცხლზე გარუჯავდნენ, მერე მის დარბილებულ და სათლელად გაიოლებულ ტანს დაუწყებდნენ ათლას ქვევიდან ზევით და ამ ხუჭუჭა ანათალებს, ანუ „წილამურებს“ ზედვე ტოვებდნენ. წარმოიქმნება ხუჭუჭად გამოყვანილი ოვალური ხის იმიტაცია. ჩიჩილაკს თავი ოთხად ჰქონდა შეხეთქილი, სადაც ჯვარედინად იყო ჩამაგრებული ჯოხები - ზედ დამაგრებული სანთლებით.

ჩიჩილაკს ამკობდნენ ტკბილეულით, ხილით, ჩურჩხელებით, მარადმწვანე ფოთლებით, წითელნაყოფიანი კურკანტელით, აბრეშუმის ძაფებითა და სამკაულებითაც. დაძინების წინ ოჯახის უფროსი ჩიჩილაკსა და ხონჩას სახლიდან გაიტანდა მარანში ან ბეღელში და თვითონაც იქ დაიძინებდა.

ახალი წლის დილას, გამთენიისას გაეშურებოდა წყაროზე, ხელპირს დაიბანდა, წაიღებდა ჩიჩილაკს, ხონჩაზე აანთებდა სანთლებს, დაილოცებოდა, შემოუვლიდა კარ-მიდამოს, საქონლის სადგომებს და გამრავლებას ინატრებდა, მერე მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს და ოჯახის წევრებს მიულოცავდა ახალ წელს. წყალკურთხევამდე (6 იანვარი) ჩიჩილაკს ოჯახში ინახავდნენ, შემდეგ შემოაცლიდნენ ტკბილეულს, ცეცხლში გარუჯავდნენ და ბოსტანში ჩაფლავდნენ - „ბოსტანს ჭია-მატლი ვეღარ გააფუჭებსო“. მიჩნეულია, რომ ჩიჩილაკის რიტუალში ხის თაყვანისცემის უძველესი ჩვეულებაა ასახული.


ლიტერატურა

ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006. ე.ნ.]

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები