ჩონგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩონგური

ჩონგური // ჩანგური - ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი, გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეებში: სამეგრელო, გურია, აჭარა, იმერეთი. გვხვდება აფხაზეთში „აჩამგურის“ სახელწოდებით.

სხვადასხვა კუთხის ჩონგურები კონსტრუქციულად ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. ფორმით შუაზე გაჭრილი- მსხლისებურია. მუცელი დამზადებულია ერთმანეთზე შეწებებული 2 მმ სისქის ბჟოლის ტკეჩებისაგან, თავფიცარი - 2-3 მმ სისქის ნაძვის ფირფიტისაგან. მასზე გაკეთებულია 2-3 მმ დიამეტრის რამდენიმე სახმო ნახვრეტი. ტარი (თავი და ყელი) კაკლის ხისაა. თავი ნიჟარისებურია, ყელზე, შუა ადგილას, გაკეთებულია ნახვრეტი სიმის მოქლონისათვის. სიმები აბრეშუმის ძაფებია. სამი თანაბარი სიგრძისაა, მეოთხე (ზილი) - მათზე 1/3- ით მოკლე. იგი მდებარეობს I და II სიმებს შორის. გაბმულია ტარის შუა ნაწილიდან. მისი სიმოკლე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მან ერთი სიმაღლის ყველაზე მაღალი ბგერა უნდა გამოსცეს. ამისათვის მას არ უნდა შეეხოს დაკვრის დროს მარცხენა ხელის თითები, რაც ძნელად მოხერხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისიც დანარჩენი სიმების სიგრძისა იქნებოდა. ხოლო მაღალი ბგერის მისაღებად სიმის სიმოკლე გამართლებულია. დაკვრისას გამოიყენება სიმის მოზიდვისა და სიმებზე თითების ჩაკვრა-ამოკვრის ხერხი.

ჩონგურს რამდენიმე წყობა აქვს. სხვადასხვა სიმღერა სხვადასხვა წყობაში სრულდება, მაგრამ ყოველი მათგანი თავიდან ბოლომდე ერთ წყობაშია.

ტემბრი საკრავისა რბილი და ლამაზია რასაც სიმების მასალაც (აბრეშუმის დაგრეხილი ძაფი) განსაზღვრავს. ჩონგურზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც. მაგრამ უფრო მეტად მასზე შემსრულებლები ქალები იყვნენ. ჩონგური ოჯახისათვის წარმოადგენდა ძვირფას ნივთს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერებიც. ტრადიციულ საჩონგურო რეპერტუარს ერთხმიანი სატრფიალო და სახუმარო ლექსები წარმოადგენს. საჩონგურო ლირიკული სიმღერების ტრადიცია სამეგრელოში საყოველთაოდ ცნობილია.

ჩონგური ტრადიციულად არ ერთიანდება ანსამბლად სხვა რომელიმე საკრავთან. ამასთანავე, თუნდაც ორი ჩონგურის ერთდროულად ანსამბლში გამოყენებაც არ ხდებოდა. ჩონგურის თანხლებით სრულდებოდა საწესო სიმღერები. მაგალითად, „ბატონებიან“ ავადმყოფთან „ბატონებო მოუოხეთ“// „საბოდიშო“ (გურიაში) - ულამაზესი საგალობელი, სითბოთი და ლირიზმით სავსე. სამეგრელოში დამოწმებულია ასეთი წესი: თუ ავადმყოფს ჩაეძინება, ყველანი გაჩუმდებიან და ჩონგურს ავადმყოფის ახლოს, კედელზე ჩამოჰკიდებენ. ამბობენ, ბატონები თავის მხრივ ჩუმად უკრავენ ჩონგურზე. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ რიტუალში ძეობის სიმღერა „მზე შინა და მზე გარეთა“ სამეგრელოსა და გურიაში სრულდებოდა ჩონგურის თანხლებით.

ჩონგური ფანდურთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგას. ეს გამოხატულია ჩონგურის კონსტრუქციულ სრულყოფილებაში (სარეზონანსო კორპუსის მოცულობა, დახვეწილობა, კედლების სისქე, სიმების მასალა) და აქედან გამომდინარე, ტემბრის ხარისხში.

ლიტერატურა

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები