ჩოხა-შალი
ჩოხა-შალი – ტრადიციული ჩაცმულობიდან აჭარაში ჩოხა-შალი უნდა გამოიყოს. ამ ტერმინით საკუთრივ ჩოხა – ზედატანი და შარვალი, ჩაქურა აღინიშნებოდა. ამგვარი ჩოხა-შალი ქართული ჩოხის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნაირსახეობა იყო.
ჩოხა-შალის საინტერესო ნიმუში აჭარაში სოფელ საციხურში დადასტურდა, რომელიც ადგილზე ორმაგად ნაქსოვი მატყლის ქსოვილისაგან იყო დამზადებული. ჩოხა სარჩულიანი, მასრებიან-ჯიბეებიანი და წინ გახსნილი იყო. კალთების ბოლოზე მიბმული „ყაითნებით” შეკვრისას იგი წელზე მჭიდროდ იყო მორგებული, რაც მამაკაცის ახოვანებას უფრო თვალსაჩინოს ხდიდა და მის მოქნილობასაც ხელს უწყობდა. შარვლის თავისებურება მისი განიერი ფართო უბე და წელზე მოხდენილი დანაოჭება იყო. მთლიანად შარვალზე დახარჯული ათი ადლი ქსოვილიდან უკანა უბის დანაოჭებაზე ექვსი ადლი მოდიოდა. ამის გამო შარვლის ეს სახეობა „გუდიანი შარვლისა” და „დუმიანი შარვლის” სახელწოდებითაც იყო ცნობილი.
ჩაქურა ექვსი ნაჭრისაგან იკერებოდა. მას ჯიბეები არ ჰქონდა, მუხლებზე კი დამატებით მეორე პირი – სარაჯები ჰქონდა დაკერებული. იგი წითელი ღვანჯრით იკვრებოდა, რომლებსაც ქალები ადგილზე ქსოვდნენ, ხშირად კი საქმროებს მზითვშიც უგზავნიდნენ. ჩაქურაც ტანსაცმლის მეტად თავისებური ტიპი იყო. ჩოხისა და შარვლის ცალკეული ნაჭერი ერთიმეორესთან ყაითნების საშუალებით იყო შეერთებული. ამ დანიშნულებით ყაითანი სპეციალურად მზადდებოდა. საციხურის ჩოხა-შალი „სანამუსოდ – ოჯახის გარეთ ჩასაცმელი იყო, საშინაოდ სახმარს კი ცალკე იკერავდნენ. ჩოხა-შალისათვის მატყლის დართვა ნადის საშუალებით ხდებოდა. მას ქალები ქსოვდნენ. საქსოვად ქსელი – ჰორიზონტალური დაზგა გამოიყენებოდა. ქსოვილი მოთელვის შემდეგ შავად იღებებოდა, რომელიც ადგილობრივად მზადდებოდა. ჩოხა-შალის აუცილებელ ატრიბუტს ზუბუნი – ახალუხი, ყაბალახი, მატყლის წინდები, ზანკლები და ქალამანი წარმოადგენდა. ჩოხა-შალის შესწავლიდან ირკვევა, რომ იგი ქართული ჩაცმულობის ორიგინალური სახეობა იყო, რომელიც აჭარის, გურიისა და ლაზეთის ეთნოგრაფიულ გარემოში შემუშავდა და გავრცელდა. სხვადასხვა ვარიაციით ჩოხა-შალი საქართველოს სხვა კუთხეშიც იყო ცნობილი.
ლიტერატურა
სამსონია, 1971:9-11.