ჩოხელი გოდერძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოდერძი ჩოხელი

ჩოხელი გოდერძი − (1954 − 2007), ქართველი მწერალი, პოეტი, კინორეჟისორი. დაიბადა სოფელ ჩოხში (დუშეთი, გუდამაყარი). სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან გადავიდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად. 1997 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ჟურნალ-გაზეთებში. 1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს”. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი”, „თევზის წერილები”, „შემინახე, დედაო მიწავ!”, „სულეთის კიდობანი”, „არჩევნები სასაფლაოზე”, „ბედი მდევარი”, რომანები: „მგელი”, „მღვდლის ცოდვა”, „ადამიანთა სევდა”.


ბედისწერის ცხენი
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
მაგრად არის ჩარჭობილი პალო,
ზოგჯერ წყენით, ზოგჯერ აღმაფრენით
სადღაც მივალთ, რაღაცაზე ვწვალობთ.
თოკს ვერ გაწყვეტს ბედისწერის ცხენი,
პალოს მაღლა არ გაუშვებს მიწა,
ვერა ვხვდებით, რაგინდ ბევრი შევძლოთ,
ვერასოდეს ვერ მივაღწევთ მიზანს.
თოკს აბია ბედისწერის ცხენი,
ტრიალებს და გვატრიალებს ჩვენც,
ცა არ მოჩანს მაღლა ასაფრენი,
თოკი იჭერს ბედისწერის ცხენს.
ბედისწერა ხარხარებს და ხარობს,
კარგად იცის, ვინა ვართ და რა ვართ,
ერთხელ უნდა მიწა ამოთხარონ,
თოკის ბოლო სამარისკენ გვწევს.
და ერთხელაც, გაილევა თოკი,
ბედის ცხენით გაფრინდება სული,
გასრულდება დღენი ჩვენი ყოფის
და დადგება მარტოობა სრული...


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები