ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება
ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება – NAFTA - North American Free Trade Agreement – ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს საფუძვლად დაედო აშშ-კანადის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, რომელიც 1989 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. 1990 წლის ივნისში მექსიკის პრეზიდენტმა კარლოს სალანა დე გორტარიმ გამოთქვა სურვილი, შეერთებოდა ამ ხელშეკრულებას. 4-თვიანი სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად 1992 წლის 12 აგვისტოს აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ მოახდინეს ხელშეკრულების პარაფირება, სამი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მისი რატიფიცირების შემდეგ 1994 წლის 1 იანვარს ხელშეკრულება ძალაში შევიდა. ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ღიაა სხვა წევრების შემოერთებისთვის; 1992 წლის დეკემბერში დაიწყო მოლაპარაკებები ჩილესთან.
საერთაშორისო ორგანიზაციის მიზანია თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა 20000 სახეობის სამრეწველო პროდუქციისათვის, მომსახურების სფეროსთვის და კაპიტალის მოძრაობისთვის. 1994-დან საბაჟო ტარიფების თანდათან შემცირებით, უნდა წარმოიქმნას სიდიდით მეორე (ევროპის ეკონომიკური სივრცის შემდეგ) თავისუფალი ვაჭრობის ზონა 360 მილიონი მომხმარებლით და ყოველწლიურად 64 ტრილიონი აშშ-ის დოლარის ღირებულების წარმოებული პროდუქციის მოცულობით. ორგანოები: სამმხრივი ეკონომიკური კომისია, სამედიატორო სასამართლო – წევრებს შორის წარმოქმნილი დავების მოსაწესრიგებლად, გარემოს დაცვის ორმხრივი კომისია (აშშ, მექსიკა), 3000 კმ სიგრძის სასაზღვრო მდინარე რიო-გრანდეზე სანიტარიული კონტროლის გასაწევად.