ჩხეტიანი ქრისტეფორე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტეფორე ჩხეტიანი

ჩხეტიანი ქრისტეფორე პავლეს ძე - (1873 - 1933), ქართველი სამხედრო მოღვაწე. რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. გიორგის ჯვრის კავალერი.

დაიბადა ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის დაბა ცაგერში. დაამთავრა საშუალო სკოლა და ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია. შემდეგ ირჩევს სამხედრო კარიერას. სწავლას აგრძელებს და ამთავრებს ოდესის (ნოვოროსიის) ქვეით იუნკერთა სასწავლებელს. აქვე ენიჭება პოდპრაპორშიკის წოდება.

1894 წლიდან ირიცხებოდა სამხედრო სამსახურში. 1899 წელს ენიჭება პოდპორუჩიკის წოდება, 1903 წელს – პორუჩიკის, 1907 წელს – შტაბს-კაპიტნის, ხოლო 1913 წელს – კაპიტნის სამხედრო წოდება. იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში.

909-1915 წლებში მსახურობდა ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში, შემდეგ – კავკასიის მე-3 სასაზღვრო პოლკში. აქვე ენიჭება პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, იბრძოდა სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე. 1916 წლის 5 აგვისტოს ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისთვის, სადაც მძიმედ დაიჭრა, დაჯილდოვდა გიორგის ჯვრით და სახელობითი იარაღით. 1917 წლის 16 ივნისს ენიჭება გენერალ-მაიორის წოდება.

I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1918 წლიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებშია. მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში, სადაც 1918 წლის დეკემბერში მეთაურობდა შულავერის ფრონტის მარცხენა ფლანგს.

1919 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა ახლადდაარსებული თბილისის სამხედრო სკოლის კლასების ინსპექტორად.

მონაწილეობდა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, იბრძოდა კოჯორი-ტაბახმელას ფრონტზე.

თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, დაინიშნა ქართული არმიის ზურგის უფროსად და გორის მაზრის გენერალ-გუბერნატორად.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის ზოგიერთი სხვა წარმომადგენლის მსგავსად მიდის ემიგრაციაში, თუმცა, მოგვიანებით ბრუნდება სამშობლოში. საბჭოთა ხელისუფლებას მასზე რეპრესიები არ განუხორციელებია. ცხოვრობდა თბილისში. მისი შემდგომი საქმიანობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება.

გარდაიცვალა 1933 წელს. დაკრძალული იყო ბათუმში. დაკრძალვის ზუსტი თარიღი და ადგილი უცნობია.

საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო: წმ. გიორგის IV (1917 წლის 5 აგვისტოს), გიორგის იარაღით (ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“ (1915 წლის 12 ივლისს - სოფ. მოსტკისა და სუხოჩასის რაიონებში ბრძოლებში თავის გამოჩენისთვის), წმ. სტანისლავის II (1915 წ.), წმ. ანას III (1915 წ.) ხარისხის ორდენებით,


იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები