ცემენტ-პოლიმერის ბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტ-პოლიმერის ბეტონიცემენტიანი ბეტონი მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთების დამატებით. დანამატი შედის წყლიანი დისპერსიის სახით, რომელიც არის პოლიმერის ემულსიური პოლიმერიზაციის პროდუქტი. ეს პოლიმერებია: ვინილაცეტატი, ვინილქლორიდი, სტირენი, ლატექსები და სხვა წყალში ხსნადი კოლოიდები. პოლიმერის გამოყენება ბეტონში საშუალებას იძლევა გავაუმჯობესოთ მისი სტრუქტურა და თვისება საჭირო მიმართულებით, ავამაღლოთ მასალის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ცემენტ-პოლიმერის ბეტონი ხასიათდება ორი აქტიური შემადგენლით: მინერალური შემკვრელისა და ორგანული ნივთიერებისაგან. შემკვრელი ნივთიერება წყალთან ერთად ქმნის ცემენტის ქვას, რომელიც კრავს შემვსების მარცვლებს ერთიან მონოლითად. პოლიმერი კი ბეტონიდან წყლის შემცირების შესაბამისად, ფორის, კაპილარის, ცემენტისა და შემვსების ზედაპირზე ქმნის თხელ აფსკს, რომელსაც აქვს კარგი ადჰეზია და ხელს უწყობს შემვსებსა და ცემენტის ქვას შორის შეჭიდულობის ზრდას, აუმჯობესებს ბეტონის მონოლითურობას და მინერალური ჩონჩხის მუშაობას, რის შედეგადაც ბეტონი იძენს განსაკუთრებულ თვისებებს: მეტ სიმტკიცეს ღუნვასა და გაჭიმვაზე, ყინვაგამძლეობას, ცვეთამედეგობასა და წყალშეუღწევადობას ჩვეულებრივ ბეტონთან შედარებით. ბეტონში შეყვანილი პოლიმერული მასალის რაოდენობა დგინდება წინასწარი გამოცდით. ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს დანამატის გავლენას ცემენტ-პოლიმერის ბეტონზე, არის პოლიმერცემენტის ფარდობა. დანამატის ოპტიმალური რაოდენობა პოლივინილაცეტატის შემთხვევაში, შეადგენს ცემენტის მასის 20%-ს. ლატექსის გამოყენებისას, რომ არ მოხდეს პოლიმერის კოაგულაცია, შეგვყავს სტაბილიზატორი (სოდა, ამონიუმის კაზეინატი და სხვ.). ცემენტ-პოლიმერული ბეტონი მზადდება იმავე ტექნოლოგიით, როგორითაც ჩვეულებრივი ცემენტიანი ბეტონი. გამოიყენება გზების, იატაკების მოსაწყობად, მოსაპირკეთებელ სამუშაოებში, კოროზიამედეგ გადახურვებსა და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები