ცეცხლაძე მინდია
მინდია ცეცხლაძე – ქართველი პოეტი, ფილოლოგიის დოქტორი (ლიტერატურათმცოდნე), დაიბადა 1987 წლის 14 თებერვალს. 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიცეუმი, 2008 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, სპეციალობა – საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმე). 2013 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა (სპეციალობა – „ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურული თეორია“).
არის ცხრა სამეცნიერო სტატიის ავტორი.
გამოცემული აქვს ლექსთა კრებული „ცეცხლის ქარები“ (2008). მისი ლექსები შეტანილია ერთობლივ კრებულებში: „მოზაიკა“, „მეცხრე ტალღა“, „ლექსო არ დაიკარგები“, „მერანი“, „ლექსების გამოფენა“. იბეჭდება ქართულ პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში.
2011 წელს, ამიერკავკასიის ახალგაზრდა პოეტთა კონკურსში გამარჯვებულს მიენიჭა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია; 2014 წელს პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციის („ეგო არტ“) კონკურსში და დაჯილდოვდა შესაბამისი პრემიით.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: შპს „ოცნების“ ფინანსური მენეჯერის ასისტენტად, მმართველობითი აღრიცხვის მენეჯერად, პროექტში – „ქართული ენის ეროვნული კორპუსი“ - ტექნოლოგიური ჩარჩოს შექმნა (პოზიცია – დიგიტალიზატორი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურული ჟურნალის („ინტეგრალი“) სარედაქციო საბჭოს წევრად. 2017 წლის ოქტომბრიდან სამუშაოდ გადავიდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის ბათუმის წარმომადგენლობაში, პროფესორის ასისტენტად. 2018 წლიდან ამავე წარმომადგენლობის მოწვეული ლექტორია.