ციბულსკი ნაპოლეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნაპოლეონ ციბულსკი

ნაპოლეონ ნიკოდემ ციბულსკი – (პოლ. Napoleon Nikodem Cybulski, 1954 – 1919), პოლონელი ფიზიოლოგი და ფიზიკოსი.

ნაპოლეონ ნიკოდემ ციბულსკი ფუძემდებელია მეცნიერების ისეთი მნიშვნელოვანი დარგისა, რომელსაც ენცეფალოგრაფია ეწოდება. საშუალო სკოლა დაამთავრა მინსკში 21 წლის ასაკში. შემდეგ შევიდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. ახალგაზრდა პოლონელს დედაქალაქში არც ახლობელი ჰყავდა და არც ფული ჰქონდა ამიტომ იოლ კარიერას ვერ შეიქმნიდა, მხოლოდ თავისი საკუთარი შესაძლებლობების და შრომისმოყვარეობის იმედი უნდა ჰქონოდა.

ექიმის დიპლომის მიღების შემდეგ ციბულსკი სპეციალიზდება ფიზიოლოგიის დარგში. მალე იგი გადადის კრაკოვში, სადაც განაგებს ფიზიოლოგიის, ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის კათედრას.

ციბულსკის მთელი შემდგომი ცხოვრება მთლიანად დაკავშირებულია კრაკოვთან და იაგელონას უნივერსიტეტთან.

ციბულსკის მეცნიერული მემკვიდრეობა შეადგენს ას ნაშრომზე მეტს, რომლებიც გამოქვეყნებულია პოლონურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. ჩვენ თვის ყველაზე საინტერესოა ის, რომ ზოგიერთი ნაშრომი მან მიუძღვნა კუნთებში, ნერვებსა და ტვინის ქერქში მიმდინარე ელექტრულ მოვლენებს. ამ მოვლენების გამოკვლევამ შექმნა ბაზა თანამედროვე ენცეფალოგრაფიისათვის.

ენცეფალოგრაფია იკვლევს თავის ტვინის ქერქის ბიოდენებს. ჯანმრთელ ადამიანში წონასწორობის მდგომარეობაში შეიძლება დავაკვირდეთ თავის ტვინის ქერქში ელექტრული რხევების ორ ძირითად სახეს, ეს ეგრეთწოდებული „ალფა“ რხევებია, რომლებიც უფრო ძლიერად მჟღავნდება კეფისა და საფეთქლის არეში და მიილევა მხედველობითი და სმენითი შეგრძნებების აღქმისას, რაც დაკავშირებულია ყურადღების გამახვილებასთან, და „ბეტა“ ტალღები, რომლებიც უფრო ძლიერად მჟღავნდება შუბლის არეში. არსებობს სხვადასხვა ენცეფალოგრაფიული ატლასები, რომლებშიც ნაჩვენებია ცვლილებები ტალღაში ტვინის დაავადების დროს. არსებობს სხვადასხვა ტიპის ენცეფალოგრაფები, რომლებიც დიდი სიზუსტით ახდენენ მცირე ელექტრული დენების რეგისტრაციას ადამიანის თავის ტვინის ქერქში.

ციბულსკიმ საფუძველი ჩაუყარა მეცნიერების ამ მნიშვნელოვან დარგს, რომელიც აერთიანებს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებს სუსტი ელექტრული რხევების მიღებისა და ჩაწერის ტექნიკასთან – ამაშია სწორედ მისი დიდი დამსახურება.

არიან ადამიანები რომელთა ბიოგრაფიები სავსეა არაჩვეულებრივი ამბებით, რომლებიც ერთი დღის განმავლობაში იხვეჭენ სახელს, ხდებიან ცნობილნი და იწვევენ მუდმივ აღფრთოვანებებს. ციბულსკი სხვანაირი კაცი იყო. იგი შრომობდა სისტემატურად, ყოველ დღე, ყოველ წუთს, შრომაში აქსოვდა სულსა და გულს. მას არ შეეძლო არ ემუშავა. როცა 1916 წელს დამბლის გამო იძულებული შეიქნა პედაგოგობისათვის თავი დაენებებინა, იგი თავს ღრმად უბედურ კაცად თვლიდა. ერთი წლის შესვენების შემდეგ დაუბრუნდა საყვარელ მეცადინეობებს და აგრძელებდა ლექციების კითხვას სიკვდილამდე – 1919 წლის 26 აპრილამდე.


წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები