ციკარე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციკარე – ასეთი გეოგრაფიული პუნქტი არის მოხსენიებული მთიულეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ზოლში; აქედან გადადიოდა გზა ხევში (დღევ. ყაზბეგის რ.). ამასთან ერთად ჩვენი მემატიანეების მიერ საგანგებოდ არის გამახვილებული ყურადღება ციკარეს ტერიტორიაზე თავდაცვითი ციხე-ზღუდეების სიმრავლეზე და, საერთოდ, მის საუცხოო სტრატეგიულ ადგილ-მდებარეობაზე ქართულ საისტორიო თხზულება „ჟამთააღმწერელში“, რომელშიც XIII-XIV და მომიჯნავე ხანების საქართველოს მდგომარეობაა გადმოცემული, ციკარე „მტერთაგან შეუვალ“ ხეობად არის მოხსენიებული. აქ კარგად არის აღწერილი ის ეპიზოდი, თუ როგორ გაიხიზნა ხადის ხეობაში ციკარეს, მეფე დავით VIII, დიმიტრი თავდადებულის შვილი და კვალდაკვალ როგორ მისდია მის მცირე ლაშქარს ხუტლუბუღამ: „და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქვენიფნეველისა, შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალ იყო… ხოლო ვითარ ცნა ხუტლუბუღა მეფისა ციკარის დგომა, განყო ლაშქარი და რომელიმე წარავლინა ცხავატით გზასა, რათა ეგრეთ შევლონ ციკარესა, რომელი ესე შეუძლებელ იყო.

მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებისათვის ისტორიული ციკარე ციკარად ქცეულა. „ჴადის ჩდილოთ, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი – არს ციკარა, ადგილი კლდოვანი და კოშკოვანი… და არს მუნ ეკლესია მცირე. ამ ციკარას დასავლით გარდავალს გზა ჴევსა შინა. ხოლო ციკარის აღმოსავლეთით არს ნასასახლევი მეფეთა, ნაშენი დიდი. და ამას ქვეით იყოფის ციკარას წყალი ორად და მიეთვის არაგვს ხარხელის ზეით და ქვეით ჩდილოდამ“. იოანე ბატონიშვილი თავის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ასახელებს ციკარას სოფელს, ოღონდ მას ხევის სოფლებს შორის სდებს. დღეისათვის მთიულეთ-ხადის რეგიონში ციკარე ან თუნდაც ციკარა არ დასტურდება. სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ციკარა დღევ. წკერე-ს არაქართული (რუსული) გადმოცემის შედეგი უნდა იყოს 497 საისტორიო თხზულება „ჟამთააღმწერელში“ დადასტურებული ციკარე ფორმა რუსული ენის გავლენას თითქოს გამოგვარიცხვინებს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები