ციმორების გვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციმორების გვარი – Gobio Cuvier

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ციმორები

თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. სხეული წაგრძელებულია და თითისტარისებური, რომელიც საკმაოდ მსხვილი ქერცლებითაა დაფარული. გვერდით ხაზზე 34-46 ქერცლია. ყელი შიშველი ან ქერცლით დაფარულია. გვერდითი ხაზი სხეულის შუალედ ნაწილს გასდევს. პირი ქვედა ან წინაა, ქვედა ყბა რქოვან გარსს მოკლებულია. ყბებშორისი ძვალი ზედა ყბის ძვლის უკანა ბოლომდე აღწევს. პირის კუთხეები ნესტოების წინა კიდეების ვერტიკალზე, ან თვალის წინა კიდეზე (ან ოდნავ მას სცილდება) მოდის. ქვედა ტუჩი თხელი, შუაში გაწყვეტილია, ზედა მთლიანია და თხელი. პირის კუთხეებში თითო ულვაშია; ზოგჯერ ძალიან მოკლეა. თვალის წინა ძვალი გრძელი ან მოკლეა და თვალბუდეს ეხება. ლაყუჩის აპკები, ლაყუჩის წინა სახურავი ძვლის უკანა კიდის ქვეშაა მიმაგრებული. ლაყუჩის ჩხირები მოკლეა და რკალზე მეჩხერად სხედან. ხახის კბილები ორმწკრივია: 2,5–5,2, 3,5-5,2, ან 3,5-4,2, 3,6-5,2 და ასე შემდეგ. ისინი წაგრძელებულია შესამჩნევი კაუჭების სახით. ზურგის ფარფლი მოკლეა, (6) 7 – 8 (9) დატოტვილი სხივებით, უქიცვო, მისი დასაწყისი მუცლის ფარფლების ფუძის ოდნავ წინაა. ანტიდორსალური მანძილი პოსტდორსალურზე ოდნავ მეტი, მისი თანაბარი ან ცოტა ნაკლებია. ანალური ფარფლის დასაწყისი მუცლის ფარულის დასაწყისთან უფრო ახლოა, ვიდრე კუდის ფარფლის ფუძესთან. ანალური ფარფლი მოკლეა, მასში (5)6 – 7 დატოტვილი სხივია. ნაწლავის მილი მოკლეა. საცურავი ბუშტი ძვლოვან კაფსულს მოკლებულია.

ეს გვარი დაახლოებით 25 სახეს შეიცავს. გავრცელებული არიან ევროპაში, კავკასიაში, ჩრდილო აზიაში, თურქმენეთში, ჩინეთში, მდ. ამურის აუზში, კორეაში, იაპონიაში და კუნძულ ტაივანზე (ფორმოზაზე).

საქართველოს ფარგლებში გავრცელებულია ერთი სახე G. persa Günth, ერთი ქვესახით ან რასით G. gobio lepidolaemus natio caucasicus Kam. სახე წარმოდგენილია მტკვრის ციმორით, ხოლო ქვესახე ან რასა დასავლეთ ამიერკავკასიის ციმორით.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები