ცინა (პიესა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ცინა, ანუ ავგუსტუსის ლმობიერება” − ფრანგი დრამატურგის პიერ კორნელის პიესა.

ტრაგედიაში − „ცინა, ანუ ავგუსტუსის ლმობიერება” (ცინნა, 1641) – დრამატურგი რომის ისტორიას მიმართავს, იმპერიის დაბადების პერიოდს. პიესის სიუჟეტი სენეკას ტრაქტატიდანაა − „შეწყალებაზე” − ნასესხები. სხვა მიზეზებიც ჰქონდა სიუჟეტის განვითარებას. კორნელი მშობლიურ რუანში წერდა ამ პიესას. 1630-იანი წლები საფრანგეთის ისტორიაში მრავალრიცხოვანი რეპრესიებითაა შესული, მაგ: სისხლიანი ჩახშობა ნორმანდიელი გლეხების აჯანყებისა, რომელიც „ფეხშიშველთა აჯანყების” სახელით შევიდა ისტორიაში. სწორედ რუანის მთავარი მოედანი გახლდათ იმ წამების და სიკვდილით დასჯის ადგილი, რაც ასე ხშირი იყო იმდროინდელ საფრანგეთში. ამიტომაც დაბალანსება მოწყალებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის ძალზე მნიშვნელოვანი ხდება დრამატურგისთვის.

აქედან გამომდინარე, „ცინაში”, „ჰორაციუსისგან” განსხვავებით, ჰუმანური და სახელმწიფოებრივი საწყისი ერთმანეთს არ უპირისპირდება, არ წარმოშობს ტრაგიკულ კონფლიქტს, არამედ ჰარმონიულ თანხმობაშია ერთმანეთთან. სახელმწიფოებრივი სიბრძნე, სახელმწიფოს და მეფის კეთილდღეობა გულმოწყალებაშია. შეწყალება აჯანყებულებისა, რომლებმაც იმპერატორის სიცოცხლე ხელყვეს, − ეს არა მხოლოდ ჰუმანურობის აქტია, არამედ გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯიც, რომელსაც შეუძლია მომდევნო მეფის პოპულარობის გარანტი გახდეს. პიესის ნამდვილი გმირი ცინა კი არ არის, არამედ ავგუსტუსი, რომელიც დიდი დილემის წინაშეა − დასაჯოს თუ შეიწყალოს, თან სწორედ მისი გადაწყვეტილება და ნებელობა მოქმედებს სიუჟეტის განვითარებაზეც და კვანძის გახსნაზეც. ავგუსტუსთან შედარებით ცინა მერყევია საკუთარ გადაწყვეტილებებში. ავგუსტუსის წინააღმდეგ მისი ბრძოლის მოტივი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში კი არ მდგომარეობს, არამედ ემილიას სიყვარულში. ემილიასი, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავგუსტუსზე შურისძიება. სამივე შეთქმული − ემილია, და მასზე შეყვარებული ცინა და მაქსიმი − მართალია, პათეტიკურ მონოლოგებს წარმოთქვამენ თავისუფლებაზე, მაგრამ, სინამდვილეში, მათ შურისძიება, საკუთარი პატივმოყვარეობა და ვნება აიძულებთ ავგუსტუსთან დაპირისპირებას. ანუ ვნებებს მიჰყვებიან და არა გონებას. შესაბამისად, ტრაგედიის ბოლოს, ამ პერსონაჟების მორალური „გარდასახვა”, იმპერატორის ჰუმანური აქტის მიღებით, რომელმაც აპატია შეთქმულებს და თან ცინა და ემილია დააქორწინა, (მაქსიმმა თავი მოიკლა, როგორც კი შეთქმულების ამბავი გამჟღავნდა), ნაჩქარევად და ფსიქოლოგიურად არადამაჯერებლად გამოიყურება. ამასთანავე, ავგუსტუსის შეცვლა და მისი სულიერი განახლება − ბევრი განსჯის, ფიქრის, შინაგანი ბრძოლის, ვნებების დათრგუნვის შედეგია. „ცინაში”, „ჰორაციუსისგან” განსხვავებით, ტრაგიკული ქრება არა მარტო მთავარი გმირების საკეთილდღეოდ, არამედ გონისმიერი და ჰუმანური პრინციპების ზეიმით, გამარჯვებით. თუმცა, სერიოზული მორალურ-პოლიტიკური პრობლემის ასეთი ოპტიმისტური გადაწყვეტის ილუზორულობა, მეტად ცხადად მოდის კონფლიქტში მაშინდელ, რეალურ პოლიტიკურ სიტუაციასთან. იდეალიზებული სახე მოწყალე და გონიერი მეფისა სრულიად განსხვავდებოდა სუსტი და უსუსური, ჭირვეული და ეჭვიანი ლუდოვიკო XIII-ისგან. და არც დაუნდობელი, მზაკვარი კარდინალი რიშელიე მიესადაგებოდა კორნელის პიესის მთავარი გმირის ხასიათს.

მარიკა მამაცაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები