ციტრონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციტრონი

ციტრონი (Citrus medica L.) აჭარაში უძველეს დროიდანაა შემოტანილი. მცენარე სიმაღლით 3–4 მეტრია, ან დაბალი ბუჩქია. კრონა გაშლილი, დაბლა დახრილი, სქლად დატოტიანებული და ბურთისებრი აქვს. დატოტვის კუთხე 500-მდეა. ძირითადი ტოტები 3–4-ია. შტამბი დაბალია, დატოტვის ძირთან ტანის დიამეტრი 10–12 სმ-ია. ყლორტები მუქი მწვანე ფერისაა, შეუბუსავი; ახალგაზრდა ყლორტები შეფერილია იისფრად. ეკლები ძალიამ მსხვილია, გრძელი, მაგარი, მახვილი, ბრტყელი და ოდნავ მოღუნული.

ფოთოლი ფართოა, ოვალური ფორმის, გულისებრი ფუძით და მრგვალწვეტიანი წვერით, ყუნწი 2,5–3,0 სმ. სიგრძისაა, გულისებრი ფრთები 0,5 – 1,0 სმ. სიფართისაა.

ყვავილედი მტევანია. ყვავილედში ყვავილი წყვილ-წყვილად სხედს. ყვავილობა გაჭიანურებული იცის. მასიურად ყვავილობს შუა აპრილიდან შუა ივნისამდე. მცირეოდენი ყვავილი ზაფხულის განმავლობაშიც გვხვდება. ჯამი შეზრდილია, გვირგვინი გარედან შეფერილია ვარდისფრად; ბუტკოს სვეტი მაღალია, დინგი დიდია, მტვრიანები 20–25-ია.

ნაყოფი ცილინდრულია, ძალიან დიდი: სიმაღლე – 12–15 სმ, დიამეტრი – 10,5–12 სმ, წონა – 465–485 გრ., ძალიან უსწორმასწორო, დანაოჭებული და ბორცვიანი ზედაპირით. ფუძე ბრტყელაპკიანია, რაოდენობით 13–14.

წვენი მცირე რაოდენობით აქვს, მკრთალი მოყვითალო და მჟავე გემოსია; საწვნე უჯრედები მოგრძო და მსხვილია.

სირბილე ნაყოფის მოცულობასთან შედარებით ძალიან პატარაა, მსხვილმარცვლოვანია.

ნაყოფის კანი სქელია, ყვითელი, ცოტათი მწარე, მრავალი ეთერზეთოვანი ჯირკვლებით. თესლი მსხვილია, დიდი რაოდენობით (22–95). ნაყოფი მწიფდება ნოემბერ-დეკემბერში; გვიანი ყვავილობის ნაყოფები ზამთარშიაც ასხია ხეს და თბილი ზამთრის შემთხვევაში – გაზაფხულზე მწიდფება. მცენარე უხვმოსავლიანია, ნაწილობრივ რემონტატური. ყინვებისა და ავადმყოფობის, სხვა ციტრუსებთან შედარებით, კარგი ამტანია.

ჩვენში ვხვდებით ამ ციტრონის ორ სახესხვაობას: მსხვილნაოჭიანს და წვრილნაოჭიანს, რომლებიც ა. ი. ლუსის მიხედვით ე. წ. ბაჟოურა-ციტრონს უნდა მიეკუთვნოს. ციტრონის ნაყოფს საშაქარლამო წარმოებაში დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები