ცოფფაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცოფფაჲ (ოს. Цоппай)რიტუალი და საწესო საფერხულო სიმღერა, რომელიც მეხნაკრავი ადამიანის გარშემო სრულდებოდა (იცოდნენ ასევე გვალვის შეთხვევაში, როცა მეზობელი სოფლებისკენ საწესო სვლას აწყობდნენ); ეძღვნებოდა ჭექა-ქუხილის ღვთაებას – ვაცილას, თუმცა სიმღერას რეფრენად გასდევდა მიმართვა – „æлдары цоппай“ (ბატონო ცოფფაჲ).

ოსური ცოფფაჲს იდენტური რიტუალი და საწესო საფერხულო სიმღერაა აფხაზური ათლარ ჩოფა (იგივე „ბატონი ჩოფა“). გარდა აფხაზებისა მას „ჩოფას“ ან „ილირ-ჩოფას“ (ილია-ჩოფა?) სახელით კარგად იცნობენ დასავლეთ კავკასიის ხალხები – აბაზები, ადიღეელები, ყაბარდოელები, ბალყარელები, ყარაჩაელები. მეხის დაცემისა თუ გვალვის შემთხვევაში ჭექა-ქუხილის ღვთაებისადმი კულტმსახურების იდენტური ფორმა და რწმენა-წარმოდგენათა იგივეობა, ასევე რიტუალისა და საწესო სიმღერის ერთნაირი სახელწოდება გვაფიქრებინებს, რომ ალდარ ცოფფაჲ ანუ ჩოფა ერთ დროს კავკასიის ხალხთა ჭექა-ქუხილის ღვთაების საერთო სახელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე მას ოსებში ვაცილას (წმ. ილიას), ჩერქეზებში შიბლეს, აფხაზებში კი აფის კულტი შეცვლიდა (შიბლე და აფი იმავე ტერმინებით აღნიშნული „მეხის“ გვიანდელი პერსონიფაიკაციას უნდა წარმოადგენდეს. აფხაზურ ტექსტებში ბატონად იწოდება არა აფი, არამედ ჩოფა). აქვე უნდა ითქვას, რომ დაღესტნის ხალხების ჭექა-ქუხილის ღვთაების სახელი – „წობი“ ლინგვისტური თვალსაზრისით ნათესაურ დამოკიდებულებაშია ჩვენთვის საინტერესო ტერმინთან. რამდენადაც აფხაზები და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ხალხები ჩოფას უმღერიან გულწასულ ან გონწართმეულ ადამიანს, ასევე სულით ავადმყოფს, სიტყვა „ჩოფა“ (განსაკუთრებით მისი ოსური ფორმა) მატერიალურთან ერთად სემანტიკურ სიახლოვესაც ავლენს ქართულ „ცოფთან“ (შდრ. „ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცვული“ – სულხან-საბა). როგორც ჩანს, არქაული ადამიანი გაცოფებას, გაგიჟებას, ცნობისა და გონების წართმევას ჭექა-ქუხილის ღვთაების რისხვას მიაწერდა.

ცოფფაჲ, როგორც საწესო მოქმედება (ცეკვა და რიტუალი), ფერხულის სწორი, რიტმული შესრულებით დარღვეული კოსმიური წესრიგის აღდგენას ემსახურება და სემანტიკურად ქართული საფერხულოების იდენტურია (ქართული საფერხულოები სოციუმის მიერ კრიტიკულად აღქმულ მომენტს ანუ კრიტიკულ დროს უკავშირდება და მოსალოდნელი ქაოსის თავიდან აცილების მიზნით სრულდება).


ლიტერატურა

  • Миллер В. А. Осетинские этюды. М., 1882. Ч. II;
  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Беселова Е. Б. Погребально-поминальные обычаи и обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012;
  • ქ. ალავერდაშვილი. წრიული რიტუალური ფერხულების სიმბოლიკისათვის ქართული ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. – „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის“. XXV, თბ., 2005.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები