ცოცხანა
Fam. Verbenaceae – ოჯ. ცოცხანასებრნი Verbena officinalis L. – ცოცხანა
მეგრულად – მაქოსალაია, მაწკინტიას
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 30-70 სმ სიმაღლის დატოტვილი ოთხწახნაგოვანი ღეროთი. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, მოგრძო კვერცხისებრია, ფრთისებრ დაყოფილი ან ზედა მათგანი სამნაკვთიანია, მოკლეკბილებიანი ნაკვთებით. ყვავილები პატარა ზომისაა, ყვავილედის ღერძზე დაშორიშორებულია, შეკრებილია წვრილ, გრძელ, მრავალყვავილიან თავთავებად. გვირგვინი მკრთალი სოსანია ან თეთრი. ნაყოფი 4 პატარა კაკლად იშლება. ყვ. IV-X; ნაყ. VI-X.
იზრდება რუდერალურ ადგილებზე, გზის პირებზე, ტყისპირა მდელოებზე, მდინარეთა და წყალსატევების ნაპირებზე, როგორც სარეველა ნათესებსა და ბაღებში, მთის ქვედა და შუა სარტყელში.
ფესვები და მიწისზედა ნაწილი (ბალახი) შეიცავს: ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდებს, ეთერზეთებს, ტანინებს, კაროტინს, ფლავონოიდებსა და სტეროიდებს, ლორწოს და მწარე ნივთიერებებს, ტრიტერპენოიდებს. მცენარე ხასიათდება სისხლძარღვების გამაფართოებელი, ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, ჭრილობების შემახორცებელი მოქმედებით.
გამოყენება რეკომენდირებულია მრავალი დაავადების სამკურნალოდ; აუმჯობესებს გუნება-განწყობას გრიპისა და გაციებისას, ადაბლებს მაღალ ტემპერატურას, ხელს უწყობს ამოხველებას ბრონქიტისა და პნევმონიის დროს, აჩქარებს ნაღვლის გამოდევნას, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და ასუფთავებს ორგანოს ტოქსინებისგან, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ეწინააღმდეგება ყაბზობის განვითარებას, ხსნის კბილის ტკივილს და ამსუბუქებს სუნთქვას, აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას და ხელს უწყობს ფურუნკულებისა და ძირმაგარების გაწოვებას, ამშვიდებს და არბილებს კანს ეგზემის, ფსორიაზისა და ნეიროდერმიტების დროს, ხელს უშლის ანემიისა და ავიტამინოზის განვითარებას.
უკუმაჩვენებელია მისი გამოყენება ჰიპერტონიით დაავადებულთათვის, 14 წლამდე ბავშვებსა ფეხმძიმე ქალებისათვის, აგრეთვე იმ პირთათვის, ვინც ალერგიულია მცენარეში შემავალი კომპონენტების მიმართ.
კავკასიის მაცხოვრებლები ბალახის წვენს იყენებდნენ მუცლის ტკივილის, ასევე ჩაჭედილი თიაქარის მიერ გამოწეული ტკივილების შემთხვევაში. შეიცავს შხამიან ნივთიერებას – ვერბენამინს. ფესვებს იყენებენ სანელებლად. თაფლოვანი მცენარეა (Ролловь, 1908).