ცხენთარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხენთარო – სოფელი საქართველოში, იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, როდინაულის თემი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 130 მეტრი, ზესტაფონიდან 23 კილომეტრი.

სახელწოდება

სოფლის სახელწოდების წარმოშობის ისტორიით სპეციალისტები ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაინტერესებულან, თუმცა მათ მიერ შემოთავაზებული ვარაუდები ეწ. ხალხური ეტიმოლოგიის დონეს ვერ სცილდება. საოცრად გულუბრყვილოა, მაგალითად, კ. ჰანის თვალსაზრისი, რომელიც ამ სახელწოდებაში ორ სიტყვას – ცხენსა და ტაროს (кукурузный початок) გამოყოფდა. ამ სოფელში, – დასძენდა იგი. – ცხენებს სიმინდის ტაროთი კვებავდნენო.“

ამჟამად სპეციალისტთა შორის საკმაოდ გავრცელებულია თვალსაზრისი სახელწოდება ცხენთაროს ცხენთა რუ-საგან მომდინარეობის თაობაზე, ვარაუდი არსებითად ემყარება მოსაზრებას, რომ ცხენთარო სახელში პირველ ფუძედ წარმოდგენილია სიტყვა ცხენი თან-იან მრავლობითში (ცხენთა), მეორე ფუძედ კი „გვქონია ირანული რუდ, რომელიც ქართული ენის ზოგ დიალექტში რო ფორმით შემოგვრჩენია. ამრიგად, ტოპონიმი ცხენთარო განიმარტება როგორც „ცხენთა რუ“, „ცხენების ღელე“ ჩვენი ვარაუდით ცხენთარო სრულიად სხვაგვარი წარმოშობის სახელი უნდა იყოს. პირველ რიგში ახსნას მოითხოვს ის შემთხვევა, თუ რანაირად იცვალა იმერულ დიალექტში სპარსული რუდ -რო- სიტყვად. და ეს მაშინ, როცა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა დიალექტმი იგი - ბგერის მოსალოდნელი ჩავარდნით -რუ ფორმით არის შემონახული, რუდ – როდ – რო პროცესის სამტკიცებლად ალბათ არ გამოგვადგება მრუველი-საგან მროველი-ს მიღება, რადგან სულ სხვა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს ფუძეში ვ-ინის მეზობლად უო პროცესს და სულ სხვა – იმავე პროცესს სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, როგორც ქრუ, ცრუ, ბუ, ტლუ… სიტყვათაგან ვერასოდეს მივიღებდით ჟრო, ცრო, ბო, ტლო… ფორმებს, ასევე ვერ მივიღებთ ენაში რუ-საგან რო სიტყვას. უთუოდ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ცხენთარო ახალი, ლამის ჩვენს თვალწინ შექმნილი ტოპონიმია. მას, რა თქმა უნდა, არ იცნობს არც ვახუშტი და არც იოანე ბატონიშვილი. უფრო მეტიც, კარტოგრაფ ე კონდრატენკოს მიერ შედგენილ რუკაზე, რომელზედაც დატანილია ამიერკავკასიის სამაზრო და სათემო საზღვრები 1862-1897 წლების მდგომარეობით, აღნიშნული არ არის ცხენთარო, ზესტაფონის ნაცვლად კი Квирилы გვხვდება. მაშასადმე, ცხენთარო ისეთი ახალი წარმონაქმნი ყოფილა, რომ გვინდა თუ არ გვინდა მასში ირანული ნასესხობის ვერსია თავისთავად უნდა მოიხსნას. ჩვენი ფიქრით, ტოპონიმი ცხენთარო იმერულ გარემოში, იმერული დიალექტური მასალით შექმნილი სახელია. პირველ ფუძედ წარმოდგენილია ნათესაობით ბრუნვაში დასმული ცხენ- სიტყვა, მეორე ფუძედ ანუ საზღვრულად ფიგურირებს იმერულში კარგად ცნობილი სიტყვა თარო, რომელიც თარა, თარანი (შდრ. დარანი) ფორმითაც გვხვდება და ნიშნავს: „შეღრმავებული ადგილი კლდისა, სადაც თხა ან ჯიხვი თავს შეაფარებს ავდარში“. სიტყვა თარა, თარანი ზემოიმერულში ოდნავ განსხვავებული მნიშვნელობით არის დადასტურებული: „შეღრმავებული ადგილი ქვის ქვეშ მდინარეში, სადაც თევზი იბუდებს“, თარანი იგივეა, რაც მესხურ-ჯავახური დარანი – მიწისქვეშა ხელოვნური ხვრელი, რომელსაც შიშიანობის დროს სამალავად იყენებდნენ.“ ნ. ჩუბინაშვილის მიხედვითაც დარანი არის: „ქუაბი, ნაპრალი კლდესა ანუ მიწასა შინა“.მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ ცხენთარო ნიშნავს:, „ადგილი, სადაც ცხენები უამინდობისას თავს აფარებენ“. „ცხენის თავშესაყარი ადგილი“, ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ფაქტსაც, რომ იმერეთსა და აჭარაში გვხვდება ადგილები, რომელთა სახელწოდებებშიც სიტყვა თარო იჩენს თავს. ასე, მაგალითად ზემო იმერეთში არის გამოქვაბული, რომელსაც თაროკლდე ეწოდება, ხოლო სოფ. ცხემლისში (შუახევის რ. აჭარა) სათიბი ნაკვეთის სახელად დასტურდება თარო. ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი ხალხური განმარტების მიხედვით ცხენთარო სოფელს ცხენების თავშესაყარ ადგილის გამო შერქმევ: „აქ ყოფილა ნოყო, სველი, ჭაობიანი ადგილი და არც იმ კუთხეში ცხენი იყო, იქანა მოდენილა ზამთრობით, ბალახს ძოვდენ, ინახამდენ თავს. თაროს ვიტყვით ჩვენ, თუ დაბალი ადგილია და ამ თარო ადგილას არ ყინამდა, აქეთ აჯამეთის ტყე, იქით თარო ადგილი და ბალახს რა გამოლემდა, იყო ულეველი, დეერქვა ცხენთარო, „ცხენების შესანახავი ადგილი“ (სოსიკო ალექსანდრეს ძე გეწაძე, ს. მეორე ობჩა, 1988 წ). ზემოთქმული აშკარად მიგვანიშნებს ცხენთაროს იმერულ წარმომავლობაზე. იგი ნიშნავს: „ცხენთარო“, „ცხენ(ების), თარო“; ტყით ან გორაკებით შემოზღუდული დაბალი ადგილი, სადაც სოფლის ცხენები ღამღამობით დგებიან, „საცხენე ადგილი“ (შდრ. ტოპონიმი საცხენისი გარეკახეთში); „ცხენების მიერ ამორჩეული (დათეგრებული) საზამთრო საძოვარი“.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები