ძაბრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძაბრა – მეგრული საფერხულო-სახუმარო სანახაობა წრის შიგნითა მომღერალ-მოთამაშით. ძაბრას ანუ ძაბრალეს ამგვარად ასრულებდნენ: იკვრებოდა საფერხულო წრე. წრის შუაში ჩადგებოდა მოთამაშე, რომელსაც სიმღერისა და ოხუნჯობის ნიჭი ჰქონდა, დააგდებდა ქუდს (ბოხოხს) და მას ხანჯლით უტრიალებდა (იგულისხმებოდა, რომ იგი შემთხვევით გადაეყარა ბოხოხს და მასში რაღაც საშიშროება დაინახა). წრისშიგნითა მოთამაშე სიმღერით გამოხატავდა თავის შეშფოთებას და შიშს, თავის სურვილს, გაენადგურებია ეს ამოუცნობი ნივთი თუ არსება. მის ყოველ ცალკეულ სასიმღერო ფრაზას, გუნდი ბანით ეხმაურებოდა. ბოლოს ირკვეოდა, რომ ბოხოხში საშიში არაფერია. თავისი „სიმამაცით“ გაამაყებული მოთამაშე ტოვებდა სარბიელს.