ძალთა ბალანსის პოლიტიკა
„ძალთა ბალანსის“ პოლიტიკა – საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებდნენ იმპერიალისტური სახელმწიფოები.
აღნიშნული პოლიტიკა სათავეს იღებს ჯერ კიდევ ძველ რომში შემუშავებული პრინციპიდან „გათიშე და იბატონე“ (divide et impera). „ძალთა ბალანსის“ პოლიტიკის კლასიკურ მაგალითებს იძლევა ბრიტანეთის იმპერიის ისტორია მისი აყვავების პერიოდში, როცა იგი არბიტრის როლს ასრულებდა საერთაშორისო ურთიერთობებში, იყენებდა რა სახელმწიფოთა ან კოალიციებს შორის არსებულ კონფლიქტებს, ან თვით ხელს უწყობდა ამ კონფლიქტების გაჩაღებას. ევროპაში წონასწორობის შენარჩუნების მიზნით ინგლისი ატარებდა „ბრწყინვალე იზოლაციის“ პოლიტიკას და იმავდროულად ხან ერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა კოალიციას ემხრობოდა, ხან მეორე ჯგუფს, მაგრამ ყოველთვის იყო სუსტი დაჯგუფების მხარეს. ამგვარი პოლიტიკის არსი გამოხატა XIX ს. ცნობილმა ინგლისელმა პოლიტიკურმა მოღვაწემ ლორდმა პალმ ერსტონმა, როცა განაცხადა, რომ „ინგლისს არ ჰყავს არც მუდმივი მოკავშირეები და არც მუდმივი მტრები, ჩვენ გვაქვს მუდმივი ინტერესები და უნდა დავიცვათ ისინი“. XX ს-ის დასაწყისიდან „ძალთა ბალანსის“ პოლიტიკის გატარება დაიწყო აშშ-მა. აშშ-ში მთელი რიგი თეორიებიც კი ჩამოყალიბდა მის შესახებ. ამ თეორეტიკოსთა შორის აღსანიშნავი არიან ცნობილი მეცნიერ-პუბლიცისტები ნ. სპაიკმანი, ჰ.მორგენტაუ, რ. სტრაუს-ჰიუპე და ა.შ. რაც შეეხება სსრკ-ს, თავისი არსებობის მანძილზე და განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იგი ასევე ატარებდა „ძალთა ბალანსის“ პოლიტიკას, თუმცა უარყოფდა ამ ფაქტს.