ძაღლი თივაზე (ლოპე დე ვეგა)
„ძაღლი თივაზე” − (ესპ. El perro del hortelano), ესპანელი დრამატურგის ლოპე დე ვეგას პიესა სამ მოქმედებად. დაწერილია დაახლოებით 1618 წელს. პირველად გამოქვეყნდა 1618 წელს.
პიესა „ძაღლი თივაზე” თითქოს უმნიშვნელო შემთხვევითობით იწყება. თუმცა, კომედიური ჟანრის კანონებიდან გამომდინარე, ეს შემთხვევითობა საკმარისი აღმოჩნდა დიდი ინტრიგის განვითარებისთვის. მთავარი გმირი თეოდორო − ამაყი გრაფინია დიანას მდივანი, თავის მეგობარ ტრისტანთან ერთად, მოსამსახურე მარსელთან შესახვედრად, სასახლეში შეიპარება. ამ ამბავს შეიტყობს გრაფინია და იეჭვიანებს ახალგაზრდა, ჭკვიან და ლამაზ მდივანზე. აღმოჩნდება, რომ ის თვითონაა შეყვარებული ყმაწვილში, მაგრამ სოციალური მდგომარეობა და საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპები ხელს უშლიან ამის აღიარებაში.
მოქმედების განვითარება მთლიანად ეთმობა ამაყი გრაფინიას წინააღმდეგობრივი გრძნობების გამოაშკარავებას. დიანა ხან მიიზიდავს თეოდოროს, ხანაც − უკუაგდებს ჭაბუკს. ქალი ხან შინაგანი ეგოს კარნახს მიჰყვება და ცდილობს − თავი შორს ეჭიროს ახალგაზრდისგან, ხან კი სიყვარულის შემოტევას ვერ თოკავს. აშკარაა: გრაფინია დიდ განცდებსა და ვნებათაღელვაშია ჩაფლული. ახალგაზრდა თეოდოროც, თავის მხრივ, კარგავს მოთმინებას და კვლავ მსახურ მარსელასთან ფლირტის გაბმას აგრძელებს, რაც კიდევ უფრო მეტად აღიზიანებსნგრაფინიას. თეოდორო გადაწყვეტს − გაეცალოს დაუნდობელ დიანას და სხვა მხარეში გადაიხვეწოს. და აი, ამ კრიტიკულ მომენტში, დრამატურგს თეოდოროს მეგობრის − ტრისტანის პერსონაჟი შემოჰყავს პიესაში. ტრისტანი გამოსავალს პოულობს და წყვილის ურთიერთობას გადაარჩენს − გამოუნახავს რა თეოდოროს მდიდარ და დიდგვაროვან „მამას”. როგორც ამ ჟანრს შეეფერება, პიესას ბედნიერი დასასრული აქვს. „ძაღლი თივაზე” ტიპური მაგალითია ჟანრისა „მოსასხამი და დაშნა”. ხასიათების სიცხადემ, პერსონაჟების ორიგინალურმა გამოხატვაგამოძერწვამ, იუმორისტულმა ინტერპრეტაციამ და, რაც მთავარია, ჰუმანურობის გამოვლინებამ მათ სახეებში, ლოპე დე ვეგას კომედიების უკვდავი პოპულარობა განაპირობა.
პიესაში „ძაღლი თივაზე”, პირველ რიგში, ყურადღებას იპყრობს და გაჯადოებს გრაფინია ბელფლორის (სახელი ნიშნავს ლამაზ ყვავილს) სახე. და მართლაც, დიანა საოცრად ლამაზი და მიმზიდველია. მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა ყველას უიმედოდ ტოვებს. ახალგაზრდა ქალი უზომოდ ამაყი და პატივმოყვარეა. კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი სოციალური, გარეგნული და, თუ გნებავთ, გონებრივი უპირატესობები. და მიუხედავად ამისა, ის პირველი ფრაზებიდანვე სიმპათიას იწვევს მკითხველში. რა არის ამ პარადოქსის მიზეზი? ეს იმ უპირობო ოსტატობის დამსახურებაა, რომლითაც ძერწავს დრამატურგი საკუთარი პერსონაჟების ფსიქოლოგიურ ხასიათებს. „ძაღლი თივაზე” მკითხველის ყურადღებას თავისი ჰუმანური პათოსითაც იპყრობს. პიესაში ჰუმანიზმის გამოვლინება იმდენად მძაფრია, რომ მკითხველსაც სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებს. ეს ხაზი კარგად ჩანს გრაფინიას ხასიათის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ დიანა ამაყი და პატივმოყვარეა, საკუთარ თავთან და სინდისთან − ის მაინც მართალია. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დრამატურგმა ქალის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული სახე შექმნა მსოფლიო დრამატურგიაში. მისი პერსონაჟი − ბუნებით ვნებიანი, სიყვარულში დაუნდობელი, მაგრამ დიდსულოვანი და კეთილშობილი ადამიანია.
მარიკა მამაცაშვილი