ძირმწარა
ძირმწარა – (Aristolochia iberica Fisch. & C.A. Mey. Ex Boiss.); ოჯახი: ძირმწარასებრნი (Aristolochiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მეტ-ნაკლებად დაკლაკნილი. ქვედა ფოთლები ქერცლოვანია, მისი მომდევნო ფოთლები მოკლეყუნწიანი და პატარა ზომისაა, ხოლო ზედები – დიდი ზომისა, გრძელყუნწიანი. ფოთლის ქვედა მხარე მკრთალია, მოფენილია ბეწვებით. ზედა მხარე თითქმის შიშველია. მოყვანილობით ფართო-კვერცხისებურია ან ფართო-გულისებური, ძირში ღრმა ამონაკვეთით. ყვავილები იღლიურია და თითო-თითო. ყვავილსაფრის გაფართოებული ნაწილი 11 მმ სიგრძისაა და ცილინდრული ფორმის ყვავილსაფრის მილი ძლიერ მოხრილია. ყვ. ნაყ. IV-V. კახეთის ტყეებში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. გვხვდება მუხნარებში, რცხილნარებში, ჭალის ტყეებში, ბუჩქნარებში. მისი ნახვა შესაძლებელია ბაბანეურის ნაკრძალსა და სოფელ შაქრიანის მიდამოებში, ძირითადად – ქვედა სარტყელში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე ბორჯომის მიდამოებში.
ძირმწარა მეგრულად – ტურაში ყუჯი, ზინტკვილი.
მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მხოხავი ფესურით და 30-50 სმ-მდე სიმაღლის ღეროთი. ფოთლები მომრგვალო-თირკმლისებრია. ყვავილები კონებადაა ფოთლის იღლიაში განლაგებული, ყვითელია 18-25 სმ სიგრძის. ნაყოფი მომრგვალო ან მსხლისებრი ფორმისაა, 5-6 სმ სიგრძის, მრავალრიცხოვანი, მურა, სამწახნაგოვანი თესლებით. ყვ. V-VI; ნაყ.VIII-IX. ბუნებრივად გავრცელებულია დას. საქართველოში, იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში და რუდერალურ ადგილებში მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე.
სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილი — ბალახი (გროვდება ყვავილობის პერიოდში) და ფესვები. შეიცავს ალკალოიდებს (არისტოქოლინი და მაგნოფლორინი), საპონინებს, მწარე და მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ორგანულ და ფენოლკარბონულ მჟავებს, ფლავონოიდებს, ფისებს.
ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული, ადაპტოგენური, გამაუმტკივნებელი, ჭრილობების შემახორცებელი, საჭმლის მონელების მარეგულირებელი, შარდმდენი და ოფლმდენი ფარმაკოლოგიური მოქმედებით.
დადგენილია, რომ მცენარის სპირტიანი და წყლიანი გამონაწურები აფართოებს ვენურ და პერიფერიულ სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლის არტერიულ წნევას, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობას, დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გამოიყენება წყალმანკის, ნიკრისის ქარის, სხვადასხვა წარმოშობის შეშუპებების, თირკმლისებრი ჰიპერტენზიის, გაცების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების მოშლილობისას. გარეგანად ნახარში იხმარება აბაზანებისათვის, მოსაბანად, კომპრესებისა და სველი საფენების სახით ჩირქოვანი წყლულების, ინფიცირებული ჭრილობების, კანის სხვადასხვა გამონაყრების, ქავილის დროს.
მცენარე შხამიანია, გამოიყენება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.