წათე I
წათე I– ეგრისის მეფე VI საუკუნის 20-იან წლებში.
მის დროს ეგრისში პოლიტიკური გავლენისათვის ეცილებოდნენ ერთმანეთს ბიზანტია და ირანი. იმპერატორ იუსტინე I-ის დროს უარყო ქრისტიანობა და ირანელთა მხარეს გადავიდა, მაგრამ შაჰმა კავად I-მა დახმარება მას ვერ გაუწია. ამის გამო წათე იძულებული გახდა კვლავ დაჰბრუნებოდა ქრისტიანობას. ამ მიზნით იგი ჩავიდა კონსტანტინოპოლში. ამ ამბავმა იმპერატორი იუსტინე გაახარა, მოანათვლინა წათე და შვილად გამოაცხადა. 523 წ. წათემ ბიზანტიაში შეირთო ბერძენი დიდმოხელის პატრიკიოს ნომეს ასული ვალერიანე. სამეფო გვირგვინით, ძვირფასი სამოსლითა და მრავალი საჩუქრით დატვირთული წათე სამშობლოში დაბრუნდა.
ირანის შაჰი ამ ამბავმა სასტიკად განარისხა. იგი წათეს გადაბირებაში ბიზანტიის იმპერატორს ადანაშაულებდა. ამიტომ მან ლაშქარი გამოგზავნა ეგრისში მეფის დასასჯელად, მაგრამ იმპერატორმა იუსტინემ წათეს დასახმარებლად დიდი ჯარი გამოგზავნა სამი სარდლის მეთაურობით და ეგრისელებმა ბიზანტიელების დახმარებით უკუაგდეს ირანელთა მხედრობა.