წამწამოვანი ფუტკარა
Fam. Scrophulariaceae – ოჯ. შავწამალასებრნი
Digitalis ciliata Trautv. – წამწამოვანი ფუტკარა
კავკასიის ენდემური სახეობაა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, 30-50 სმ-მდე სიგრძის ოდნავ ღარებიანი, დაკლაკნილი ბეწვით მოფენილი, ერთი ან რამდენიმე, ხშირშეფოთლილი ღეროთი; ფოთლები ვიწრო ლანცეტაა, მახვილწვერიანი, კიდეებზე ხერხკბილა, მჯდომარე. ყვავილები შეკრებილია მცირეყვავილიან, ცალმხრივ, კენწრულ მტევნად; გვირგვინი მოყვითალო-მოთეთროა, იშვიათად მღვრიე ყვითელი, ირიბ ზარისებრი, 2-ტუჩა, რომელთაგან ზედა ტუჩი ორნაკვთიანია, ქვედა – სამნაკვთიანი. ნაყოფი კოლოფია, კვერცხისებრი, წვეტიანი, შიშველი; თესლი ოთხწახნაგოვანპრიზმული ფორმისაა, მკრთალი ყვითელი. ყვ.VI-VII; ნაყ. VIII-IX.
მეზოფიტია, სინათლის მოყვარული, იზრდება მთის ზედა სარტყლიდნ ალპურამდე. ქვიან ადგილებში, ჩამონაზვავებზე, ფიქლებიან გაშიშვლებებზე, ტყეებსა და ტყის პირებზე, უმეტესად ფიჭვნარებში.
ფუტკარას სახეობები უმთავრეს საგულე საშუალებებს მიეკუთვნებიან.ფართოდ გამოიყენება გულის კომპენსაციის დარღვევების, გულის მანკის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არითმიის, შეშუპებისა და ჰიპერტონიული დაავადებების დროს. ფუტკარას პრეპარატები კურნავს აგრეთვე სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევებს, ჰიპერტონიას და გულისმიერ შეშუპებებს. მაქსიმალური მოქმედება შეინიშნება 8-12 საათის განმავლობაში. ფუტკარას სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი დროით მიღება დაუშვებელია, ის ადვილად შეიწოვება და დაუზოგავად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. ამასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყვეს, რომ დიგიტოქსინი ხასიათდება კუმულატორული მოქმედებით და მისმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მოწამლვა (ბიძინაშვილი, 2017).