წეროსნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წეროსნაირნი (ლათ. Gruiformes) − ფრინველთა რიგი. წეროსნაირთა რიგი აერთიანებს დიდი და საშუალო ზომის ფრინველებს, რომელთა უმრავლესობას აქვს გრძელი კისერი, მაღალი, ოთხთითიანი ფეხები და შედარებით პატარა თავი. სსრკ ორნითოფაუნაში ამ რიგის ყველაზე დიდი ზომის ფრინველია თეთრი წერო, რომლის სიმაღლე 180 სმ-მდეა, ფრთის სიგრძე − 60-70 სმ-მდე, ხოლო წონა − 10 კგ-მდე, თუმცა მანჯურიული წერო 15 კგ-მდეც კი აღწევს. სიდიდეში სქესთა შორის განსხვავება არაა ან მამალი ოდნავ დიდია.

ბუმბულსაფარველი უხეშია და მჭიდროდ ეკვრის სხეულს. გალო და წვივის ქვემო ნაწილი შეუმოსავია. გალო წინიდან დაფარულია დიდი და ფართო ფირფიტებით, უკანა მხრიდან კი ბადისებურია. წეროსნაირთა ბევრ სახეობას თავის სახის ნაწილი, ზოგჯერ თხემი და კეფა, ნაწილობრივ შეუმოსავია ან დაფარულია ბალნისმაგვარი მეჩხერი ბუმბულით; სხვებს იგი მთლიანად შემოსილი აქვთ. ზოგიერთი სახეობის ფრინველისათვის დამახასიათებელია თავსა და ტანზე წაგრძელებული, ჯაგრისებური ან დაცარული ბუმბულები. ზოგს წაგრძელებული ბუმბულები აქვს ჩიჩახვის მიდამოებში. წეროების უმრავლესობას მესამე რიგის მომქნევები იმდენად გრძელი აქვთ, რომ სცილდებიან ფრთების ბოლოებს. ხშირად ისინი დაცარულია. კონტურულ ბუმბულებს აქვთ სუსტად განვითარებული გვერდითი ღეროები. ღინღლით დაფარულია პტერილიებიცა და აპტერიებიც. შეფერილობაში ჭარბობს რუხი და შავი, თეთრი და მოშავო, მოწაბლისფრო-რუხი. ტროპიკული სახეობები ხასიათდებიან ნაირგვარი ელვარებით. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული.

ფრთები მოკლე და ფართოა; ფრთის წვეროს წარმოქმნიან მე-2, მე-3 და მე-4 მომქნევები. პირველი რიგის მომქნევი თერთმეტია (მებუკე წეროს, არამებსა და გვირგვინოსან წეროს − 10); კუდი მოკლეა და შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან. ნისკარტი თავზე უფრო გრძელი ან საშუალო სიგრძისაა. ზოგჯერ შეიძლება იყოს თავზე მოკლეც. ნისკარტის კიდეები მეტწილად გლუვია. რუხი წეროს წვეროს ნაწილში დაკბილული აქვს. უკანა თითი სხვა თითებზე უფრო მაღლაა და სიარულის დროს მიწამდე ვერ აღწევს. გარეთა და შუა თითები ერთმანეთთან შეერთებული არიან პატარა აპკით. ბრჭყალები ბლაგვი, ფართო და მოკლეა.

წეროსნაირთა უმრავლესობა მიწაზე ცხოვრობს. არიან მეხეური ფორმებიც. მიწაზე მცხოვრებნი დაკავშირებული არიან ვრცელ ჭაობებთან მეჩხერი ტყის, ტყე-ველებისა და ველების ფარგლებში. ტუნდრაში თითქმის არ შედიან. მთებში, შესაფერი პირობების შემთხვევაში, ადიან 2000 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ. წეროტურფების გვარის წარმომადგენლები ტიპიური ველისა და ნახევარუდაბნოების ფრინველებია, რომლებიც ხშირად წყლიდან დაშორებით ბინადრობენ. ნამდვილი წეროები ხეზე არასოდეს სხდებიან, მიწაზე კარგად დადიან, ხოლო ფრენენ ნელა, მაგრამ მსუბუქად. ჩრდილოეთის ფორმები გადამფრენია, სამხრეთისა − მობინადრენი. გადაფრენა ჩვეულებრივად გუნდებად მიმდინარეობს, რომელთა წყობა სოლისებურია, ე. ი. კუთხით წინაა მიმართული.

წეროსნაირნი მონოგამიური ფრინველებია. სქესობრივ სიმწიფეს აღწევენ მეორე, ზოგიერთი − მესამე წელს. ბუდობენ განცალკევებულ წყვილებად. უმრავლესობა ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებენ მეტწილად 2, იშვიათად 1 ან 3 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა ერთი თვის ფარგლებში მერყეობს. მართვეები იჩეკებიან თვალებახილული და ღინღლით შემოსილი, რომელთაც ერთი საათის შემდეგ შეუძლიათ სიარულით გაჰყვნენ მოზრდილებს. ზრდასრულ წეროებს წელიწადში 2 განგური აქვთ: სრული გამრავლების შემდეგ და ნაწილობრივი − გამრავლების დაწყების წინ.

წეროსნაირებს ავტორთა უმრავლესობა 3 ოჯახად ყოფს: წეროსებრნი (Gruidae), არამისებრნი (Aramidae) და მებუკე წეროები (Psophiidae). საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენლები.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები