წვერა-ჭანარი
წვერა-ჭანარი, წვერა-ციმორი – Barbus capito (Guldenstädt), 1773
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
თევზი კობრისერბრთა ოჯხიდან. ზურგი კეფის უკან საკმაოდ ციცაბოდაა აზიდული და გვერდებიდან მეტად შებრტყელებულია, ზურგის ფარფლის ბოლოდან კი მაშინვე სწორად მიდის. სხეულის სიმაღლე სხეულის სიგრძეში (კუდის ჩაუთვლელად) 4-4 2/3-ჯერ თავსდება. ანტიდორსალური მანძილი პოსტდორსალურზე მეტია. ზედა ულვაში სწვდება ნესტოებამდე ან თვალის წინა კიდემდე, ანდა თვალის შუა არემდე. ქვედა ულვაში კი თვალის უკანა კიდემდე (მცირე ზომის ეგზემპლარებში თითქმის ლაყუჩის წინა სახურავამდე) აღწევს. თავი ზემოდან ბრტყელია, მისი ზედა პროფილი სწორია, შუბლი ფართო და ბრტყელი. მცირე ფორმებს თავი რამდენადმე ამობურცული აქვთ. ქვედა ტუჩი შუა ლაპოტს მოკლებულია. ლაყუჩის პირველ რკალზე 13-15 ლაყუჩის ჩხირია, ზურგის ფარფლი დაბალი და მეტად სუსტადაა ამოკვეთილი (ამოჭრილი). მისი სიმაღლე მკერდის ფარფლის სიგრძეზე მცირეა და სხეულის სიგრძეში არანაკლებ (კუდის გარეშე) 6,6-ჯერ თავსდება. ზურგის ფარფლის უკანასკნელი დაუტოტველი სხივი გამსხვილებულია და პატარა ეგზემპლარებს უკანა მხრიდან ის მეტად დაკბილული აქვთ. დიდ ინდივიდებს ისინი ზოგჯერ სრულიად უქრებათ. კუდის ფარფლი ძლიერ ამოკვეთილია, წამახვილებული ლაპოტებით, ზომიერად გრძელი. მათი ქვედა ლაპოტი თავზე მოკლე, მაგრამ მკერდის ფარფლზე გრძელია. მუცლის აპკი მურაა. ზურგი და გვერდები გვერდის ხაზამდე მუქია. გვერდითი ხაზის ქვემოთ გვერდები და მუცელი ყვითელია, ზოგჯერ ისინი ერთფეროვანიცაა. სიგრძით მდ. მტკვარში 1050 მილიმეტრამდე აღწევენ; ჩვეულებრიე, 660 მილიმეტრამდე.
გავრცელება
გავრცელებულია სამხრეთ და შუა კასპიის ზღვის აუზში, საიდანაც შედიან მდინარეებში სეფიდ-რუდში, ლენქორანში, მტკვარში, არეზში, თერგში და სხვ.
საქართველოს ფარგლებში გვხვდება მდ. მტკვარში და მის შენაკადებში: ალგეთში. არაგვში: ტბებიდან მოიპოვება მარტო ყარაიას ტბაში.
ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა
ცხოვრების ნირი თვალსაჩინოდ განსხვავებულია. ზოგი მთელ ცხოვრებას მდინარეში ატარებს ზოგი კი შეიძლება გამსვლელ თევზებადაც ჩაითვალოს.
ტოფობა – აპრილ-მაისში უნდა ხდებოდეს.
საკვები. შუა აზიის მდინარეებში წვერა-ჭანარის საკვებს შეადგენს ფსკერული ცხოველები, მწერები, რომლებიც წყალში ნაპირებიდან ცვივიან, იშვიათად წყლის მცენარეების ნაწილები და მეტად იმვიათად წვრილი თავზები.
კონკურენტია – არალის წვერა.
მტრებია: ლოქო, ქერეხი, წავი, ყანჩა.
სარეწაო მნიშვნელობა მცირეა. უმთავრესად იჭერენ ჩასადგამი ბადეებით და სანაპირო დიდბადეებით.
მტკვრის წვერა-ჭანარის ხორცის ცხიმიანობა 4,5%-დან 8,3%-მდე აღწევს. ძირითადი მასა რეალიზდება ამიერკავკასიის ბაზრებზე შეგრილებულისა და გაყინული სახით. ნაწილს ამარილებენ, დიდი ზომის თევზებს კი შებოლვილი სახით ამზადებენ.