წვრილმარცვლოვანი კომპოზიტური ბეტონი
წვრილმარცვლოვანი კომპოზიტური ბეტონი − მაღალეფექტური მრავალკომპონენტიანი ბეტონი, რომელშიც გამოყენებულია კომპოზიტური შემკვრელი ნივთიერება – მასალის სტრუქტურის, თვისებისა და ტექნოლოგიის ქიმიური მოდიფიკატორების კომპლექსი; აქტიური მინერალური კომპონენტები – სუპერწმინდა გამაფართოებელი და სხვა სპეციალური დანამატი. შემადგენლობის მრავალკომპონენტიანობა საშუალებას იძლევა ეფექტურად ვმართოთ მასალის სტრუქტურის წარმოქმნა ტექნოლოგიის ყველა ეტაპზე, უზრუნველვყოთ დამზადებული ნაკეთობისა და კონსტრუქციის მაღალი ხარისხი. კომპოზიტური შემკვრელი არის პორტლანდცემენტის ან სხვა შემკვრელის რეგლამენტირებულ პირობებში ფიზიკურ-ქიმიური აქტივიზაციის პროდუქტი, იმ ქიმიურ მოდიფიკატორთან ერთად, რომელიც შეიცავს წყალდამწევ კომპონენტს, მინერალურ დანამატს და აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალურ დანამატს, რათა მივიღოთ განსაკუთრებული თვისების შემკვრელი. აქტიურ კომპონენტად გამოიყენება: ქიმიური მოდიფიკატორის კომპლექსი; დისპერსიული შემავსებელ-გამზავებელი; ულტრადისპერსიული შემავსებელ-შემამკვრივებელი და აქტივატორი; კომპონენტები, რომლებიც მართავენ სტრუქტურის მოცულობის ცვლილებას; კომპონენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ვმართოთ ბეტონის ნარევის რეოლოგია და გამაგრების პროცესი, ქიმიურ მოდიფიკატორებთან ერთად; კომპონენტები, რომლებიც ბეტონს აძლევს სპეციალურ თვისებას; დისპერსიული ბოჭკოვანი კომპონენტი და კომპონენტები, რომლების არეგულირებენ მასალის შინაგან სითბოგამოყოფას. კომპოზიტური შემკვრელი, მოდიფიკატორის შედგენილობა და აქტიური კომპონენტი შეირჩევა ბეტონის დანიშნულებისა და მის მიმართ არსებული მოთხოვნების მიხედვით, ბეტონის შედგენილობისა და საწყისი შემადგენლების – შემკვრელისა და შემვსების თვისებების გათვალისწინებით. სიმტკიცე იზრდება კომპოზიტური შემკვრელის რაოდენობის გაზრდით. ყველაზე მეტი სიმტკიცე აქვს ცემენტის ქვას. მაგრამ ამ შემთხვევაში შესამჩნევად იზრდება მასალის შეკლება, რაც აძნელებს დიდი ზომის ნაკეთობის დამზადებას და მოითხოვს განსაკუთრებული ზომების მიღებას შეკლების კომპენსაციისათვის. ცემენტის ხარჯის გაზრდას მივყავართ მასალის გაძვირებისაკენ; ამ ხარჯის შესამცირებლად ცემენტის ნაწილი უნდა შეიცვალოს აქტიური მინერალური შემავსებლებით: ნაცრით, დაფქული წიდით, მიკროკაჟმიწით და სხვა მსგავსი მასალით, რომელიც საშუალებას იძლევა დავარეგულიროთ გამაგრებად ბეტონში სტრუქტურაწარმოქმნა. ამ მასალების შეყვანა, შეჯერებული უნდა იყოს სხვა კომპლექსურ ქიმიურ მოდიფიკატორთან. შეკლების მნიშვნელოვანი შემცირება მიიღწევა კომპოზიტური შემკვრელით, განსაკუთრებით გაფართოებადი ნივთიერებით და წყალცემენტის ფარდობის შემცირებით, აგრეთვე მიკროკაჟმიწის დანამატის შეყვანით სუპერპლასტიფიკატორთან ერთად. მიკროკაჟმიწის შეყვანა ზრდის წვრილმარცვლოვანი ბეტონის გაჯირჯვებას ტენიან გარემოში, ამიტომ, მიკროკაჟმიწიან წვრილმარცვლოვან ბეტონში უნდა ვერიდოთ ტენიანობის ციკლურ ცვლილებას, რომ კონსტრუქციაში არ გაჩნდეს მიკრობზარები. საწყისი ნედლეულისა და ბეტონის ოპტიმალური შერჩევა საშუალებას იძლევა მივიღოთ შეუკლებადი წვრილმარცვლოვანი კომპოზიტური ბეტონი, რომელსაც აქვს მაღალი ფიზიკურ-ტექნიკური მაჩვენებლები: სიმტკიცე 2 დღის ასაკში აღწევს 30-50 მპა-ს, 28-ე დღეს – 100-150 მპა-ს, წყალუჟონადობა W12 და მეტს, წყალშთანთქმა 1-2%-ს და ყინვამედეგობა F300 და მეტს. ბეტონს აქვს დეფორმადობის რეგულირებადი მაჩვენებელი, მათ შორის 14-28 დღის ბუნებრივი გამაგრების დროს შეკლების კომპენსაცია, დაბალი ცვეთადობა და მაღალი აირგამტარობა. რეალურ პირობებში ასეთი ბეტონის ექსპლუატაციის ვადა აღემატება 100 წელს, მათ შორის მკაცრი კლიმატის პირობებშიც.