წითელი ნაბადა სოკო
წითელი ნაბადა სოკო − (ლათ. Lactarius torminosus Fr.), ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა.
5-15 სმ სიგანის მოწითალო-მოვარდისფრო, ნათლად გამოსახული, კონცენტრულ წრეებიანი ქუდი ბრტყელია, ცენტრში ოდნავ ჩაზნექილი, ძლიერ შეგრეხილი, ქეჩისებრი ბოჭკოებით შებუსვილი კიდეებით.
ფეხზე მიზრდილი ან მასზე დაღმავალი ფირფიტები მოთეთრო ან მოყვითალო-მოვარდისფროა..
4-8 სმ სიმაღლისა და 1,5-2,5 სმ სიმსხოს ფეხი თავისივე ქუდისფერია, მაგრამ მასზე უფრო ღია, ცილინდრული ან ძირში ოდნავ შევიწროებული, ღრუ, ახალგაზრდა წვრილბუსუსოვანი, შემდეგ კი შიშველია. სოკოს წვენი თეთრია და ჰაერზე ფერს არ იცელის. იგი „ცხარე და მწარეა. სპორების ფხვნილი ღია ქარცისფერია, თვით სპორები კი უფერული.
რძისებრწვნიან სოკოებიდან რატომღაც მხოლოდ ნაბადა სოკოს შხამიანად მიიჩნევენ. ეტყობა ტოქსიკური შენაერთები განაპირობებენ მის მწვავე ცხარე გემოს. იწვევს კუჭის აშლასა და კუჭის ტკივილს, პირღებინებას, რაც ორი დღე გრძელდება, მაგრამ თუ წითელ ნაბადა სოკოს 15 წუთს მარილწყალში მოვხარშავთ და ნახარშს გადავაქცევთ, მაშინ მისი ჭამა სრულიად უსაფრთხოა, შესანიშნავი სამწნილე სოკოა, მაგრამ დამწნილებისას წინასწარ ამუშავებენ ან 3-4 დღით მცირემარილიან ცივ წყალში ალბობენ. დღეში 2-3-ჯერ წყალს უცვლიან. იზრდება ზაფხულ- შემოდგომით არყნარებსა და არყით შერეულ კორომებში.