წითელი შხამა სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი შხამა სოკო

Amanita muscaria (L.) Lam. — წითელი შხამა სოკო (Fam. Amanitaceae – ოჯახი: ამანიტასებრნი). მიეკუთვნება ფირფიტოვანი სოკოების რიცხვს. გამოირჩევა მაღალი შხამიანობით. ხასიათდება ჰალუცინოგენური მოქმედებით. ითვლება, რომ სასიკვდილო დოზა მერყეობს 15-მდე სოკოს მიღებით. სოკოს სხეული შეიცავს ფსიქოტროპული და ტოქსიკური მოქმედების ძლიერ შხამიან ალკალოიდებს: მუსკარინს, მუსკარედინს, მუსციმოლს, მუსკაზონს, იბოტენის მჟავას და ნარინჯისფერ საღებავ ანტიბიოტიკურ ნივთიერება — მუსკარუფინს, სწორედ ეს პიგმენტი გამოირჩევა სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიბიოტიკური, ნარკოტიკული და დამათრობელი მოქმედებით, იხმარება ყველა სახის ონკოლოგიური დაავადებების: კიბოს, ლეიკოზის, სხივური წყლულების, დერმატიტების სამკურნალოდ.

თანამედროვე ფარმაკოლოგიური მრეწველობა იყენებს სოკოს სამკურნალო თვისებებს რიგი პრეპარატების დამზადებისას. შედის იმ წამლების შემადგენლობაში, რომლებიც გამოიყენება ანგინის, ეპილეპსიის, ზურგის ტვინის დაავადებების, სისხლძარღვების სპაზმის, სტენოკარდიის მწვავე და ძლიერი ტკივილებისას, არითმიის, ხელის თითების, ყურის და ცხვირის წვერის გათეთრების შემთხვევაში, შემდგომი ჰიპერემიით, კიდურების ანგიონევროზით დაავადებებისას. იმ მალამოების შემადგენლობაშია, რომლებსაც იყენებენ რთულად შესახორცებელი ჭრილობების (ნაწოლები, ფურუნკულები), ვენების პათოლოგიის (ვარიკოზული გაფართოება, ტრომბოფლებიტი), ნერვული სისტემის პათოლოგიის (ნევრალგია, ოსტეოხონდროზი, ნევრიტები), სახსრების პათოლოგია (ართრიტი, ართროზი), მეჭეჭებისა და პაპილომებისა და კანის სხვა დაავადებებისას (ფსორიაზი, ეგზემა, პიოდერმია).

სხვადასხვა ქვეყნის სახალხო მკურნალები ძველი დროიდანვე ხმარობდნენ სოკოს პრეპარატებს სხვადასხვა დაავადებებისას: ათეროსკლეროზი, უძილობა, ტუბერკულოზი, ჰიპერტონიული დაავადებები, ყაბზობა, იმპოტენცია, გულის იშემური დაავადებები, ნერვული აღგზნება, შაქრიანი დიაბეტი, კრუნჩხვები, ქორეა, ალკოჰოლიზმი, ალკოჰოლური ბოდვა, დეპრესია, ეპილეპსია. ნაყენებს იყენებდნენ გარეგანად რევმატიული ტკივილების, რადიკულიტის, ნიკრისის ქარების დროს.

ჰომეოპათიაში გამოიყენება სისხლძარღვების სპაზმის, ეპილეპსიის, ქორეატიული მდგომარეობის, სკლეროზის, ანგინის, ზურგის ტვინის ფუნქციონალური დარღვევებისას, აგრეთვე რთულად მიმდინარე კლიმაქტერიულ პერიოდში.

სოკოს მაღალი ტოქსიკურობიდან გამომდინარე, უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ მის გამოყენებას, მკაცრად უნდა იყვეს დაცული დოზები. სოკოთი ან პრეპარატით მოწამლვის შემთხვევაში სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო, რათა აცილებულ იქნეს უაყოფითი შედეგები. მოწამლვის ნიშნებია: მუცლის ძლიერი ტკივილები, გულისრევა და პირღებინება, ფაღარათი, სუნთქვის დარღვევა, მაღალი ოფლიანობა, კრუნჩხვები, წნევის დაცემა, ჰალუცინაციები, ბოდვა და გონების დაკარგვა. მოწამლვის პირველივე სიმპტომებისას მიმართეთ სასწრაფო დახმარებას! (ბიძინაშვილი, 2020)

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები