წინაჲ კაცები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინაჲ კაცები − ხალხური, თვითმართველობითი ორგანოს წევრები, რომლებიც ადათის საფუძველზე თემის საჭირბოროტო საკითხებს აწესრიგებდნენ, წყვეტდნენ სადავო საკითხებსაც.

სისხლით ნათესაურ − გენეალოგიურ ჯგუფში, კერძოდ, ნოგროს ტიპის ნათესაობაში ჰყავდათ ასაკით უფროსი, გამორჩეული დაავტორიტეტული პირები. სადავო საკითხების გარჩევისას ისინი მატერიალურ სარგებელს არ იღებდნენ, მაგრამ თვალყურს ადევნებდნენ და თავად იყვნენ დაინტერესებულნი ნოგროს წევრთა ყოველდღიური ცხოვრებით. ისინი ნოგროს დამცველებად გამოდიოდნენ და ცდილობდნენ უცხო საგვარეულოს წარმომადგენლის მიერ სისხლისმიერი ნათესავის უმიზეზოდ დაჩაგვრა არ მომხდარიყო. ასეთი პირები − წინაჲ პირები (წინაჲ კაცები), იგივე, წინამძღვრები, თემის სხვასაგვარეულოთა თავკაცებთან ერთად შემრიგებლის როლშიც გამოდიოდნენ. ნოგროთა შორის მტრობის ჩამოვარდნისას, აჭარის ზოგიერთ ხეობაში მომრიგებლად „საქმის კაცებს” ირჩევდნენ. ესენი, მოსისხლე ნოგროებიდან − „ორივე კედაროს თავი კაცები” იქნებოდნენ. სისხლის აღების გამოსყიდვა-კომპოზიციას საკმაოდ ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა მიღებული. მოსისხლეთა შესარიგებლად გვარის ანდა სოფლის რამდენიმე უხუცესს, სამ-ხუთ კაცს გამოყოფდნენ, რომელთა შორის ყველაზე გავლენიან პირს შერიგების პროცესში წამოჭრილი ყველა საქმის მოგვარება ეკისრებოდა. თუ საქმე მოსისხლეთა შერიგებას ეხებოდა, მკვლელს ყელზე ბაწარს შემოაბამდნენ და მოკლულის საცხოვრებელს სამჯერ შემოატარებდნენ. ყელზე თოკწაბმული მკვლელის მოკლულის საცხოვრებელზე სამჯერ შემოტარება გარდაცვლილის სახელზე მსხვერპლად შეწირვის ინსცენირებას წარმოადგენდა. ამ დროს იცოდნენ თქმა: „დამნაშავე ყურბნათ შემოგარეს ოჯახსო”. გავლენიან უხუცესს კისერში თოკწაბმული მკვლელი მოკლულის ოჯახში მიჰყავდა, რომელიც მოძმეთა წინაშე თავდახრილი მუხლზე ეცემოდა. მას მოკლულის ჭირისუფალი ფეხს წამოჰკრავდა და ამით პირად ღირსებას ულახავდა. მეორე ანალოგიური ვარიანტით, შერიგების მიზნით მკვლელს კისერზე ბაწარს შემოაბამდნენ და მოკლულის საფლავზე სამჯერ შემოატარებდნენ. თუ მოსისხლე არ იყო თანახმა შერიგებაზე, ამ დროს, შემრიგებელნი მკვლელს ან და მის ახლობელს − მამას, ძმას კისერში ბაწარს თვითონ შეაბამდნენ და დაზარალებულის ძმა-ბიძაშვილებთან თუ მამა-ბიძებთან შეთანხმების გარეშე მოკლულის სახლში მიიყვანდნენ.


ლიტერატურა

დოლიძე, 1953:94; ხარაძე, 1947:164-169; ჩართოლანი, 1961:134,139,143-144; შამილაძე, 1961:83-84; ბოჭორიშვილი, 1976:152; მგელაძე, 1984:47-61.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები