წორბისის წარწერა 960

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წორბისის წარწერა 960ქართული ასომთავრული რელიეფური წარწერა, შესრულებული ხუთ სტრიქონად ტუფის გათლილ ქვის ფილაზე, რომელიც 1980 აღმოჩნდა სოფელ წორბისიდან (ყორნისის რ-ნი) ჩრდილოეთით 8 კილომეტრზე, მდინარე ფრონის მარცხენა ნაპირზე, დიდი სამონასტრო კომპლექსის ეკლესიის ნანგრევებში. წარწერას მიაკვლია და მისი ტექსტი პირველად გამოსცა ი. მეგრელიძემ, მაგრამ წარწერაში დასმული თარიღი – „ქრონიკონსა რ.“ (ე. ი. 960), მან წაიკითხა როგორც „ქრონიკონსა რს“, ე. ი. 880. ამ თარიღმა მაშინვე გავრცელება ჰპოვა სპეციალურ ლიტერატურაში (ა. ღლონტი, ლ. შანიძე, კ. ხარაძე, გ. ოთხმეზური…). სწორი წაკითხვა პირველად წარმოადგინა ო. ტყეშელაშვილმა, რაც აისახა სამეცნიერო ლიტერატურაშიც (ჯ. გვასალია). წორბისის წარწერის ტექსტი ასეთია:

„სახელითა ღმრთისაითა. ესე კონქი შექმნა ივანე ერისთავმან, სალოცველად მათდა, ქრონიკონსა რპ”, საბაის მამასახლისობასა“.

ფილის მარცხენა კიდეზე 8 სტრიქონად, შვეულად, რელიეფური ასომთავრული ასოებით ჩამოწერილია: „იქმნა ჴელითა გარგლისათა“ (ი. მეგრელიძე კითხულობდა – „ბარველისათა'). წარწერაში დასახელებული გარგლა კონქის შექმნის ხელოსანი უნდა იყოს. კონქი სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, იგივე კამარაა; ი. ჯავახიშვილის მიხედვით, ეკლესიის „საკურთხეველს ყოველთვის მოხრილი, ნახევარწრის მოყვანილობა აქვს, ზემოდანაც ჭერი ნახევარსფეროს სახით აქვს გადმოხრილი. შენობის ამგვარ გადაბურვას კონქი ეწოდება“ (იხ. ი. ჯავახიშვილი, მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში, თბ., 1945 გე. 118).

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • მეგრელიძე ი. „ყორნის ზეით, წორბისს“. – გაზ. «კომუნისტი», 1981, 14 ივნ;
  • ღლონტი ა. ფრონეების ხეობების ტოპონიმია – ტოპონიმიური ძიებანი, VII, თბ., 1988;
  • გვასალია ჯ. ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. – «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», VII, თბ., 1989;
  • ტყეშელაშვილი ო. წარწერები ფრონეს ხეობიდან. – გაზ. «ლიტერატურული საქართველო», 1990, 14 დეკ.;
  • ხარაძე კ. საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. შიდა ქართლი, თბ. 1992.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები