წურწუმია სერგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერგო წურწუმია

წურწუმია სერგო− (1962), დაიბადა წალენჯიხაში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. სკოლის ასაკიდანვე გატაცებული იყო ლიტერატურითა და მხატვრობით. 1980-1985 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში დაიწყო ლექსებისა და საგაზეთო სტატიების ბეჭდვა საუნივერსიტეტო, რაიონულ და ავტონომიური რესპუბლიკის პრესაში.

1985 წლიდან მუშაობდა სოფლის სკოლაში პედაგოგად. 1989 წელს დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა. მუშაობდა სოხუმის რაიონულ გაზეთში კორესპონდენტად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ გაზეთ „ოქროს საწმისში”, საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის განყოფილების გაზეთ „კოლხურ დიადემაში” და ჟურნალ „რიწაში” − პასუხისმგებელ მდივნად. 1992 წლიდან იყო გაზეთ „ცხუმის” მთავარი რედაქტორი. აფხაზეთის კონფლიქტის გამო 1993 წლიდან ცხოვრობს ქუთაისში. მუშაობდა ჟურნალ „ბაგრატის ტაძრის” პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ „ჩემი ქუთაისის” მთავარი რედაქტორის მოადგილედ, შემდეგ რედაქტორად. მუშაობდა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალ „ენიგმას” მთავარი რედაქტორის მოადგილედ, იმავდროულად იყო მწერალთა ჟურნალ „განთიადის” სარედაქციო საბჭოს წევრი. ამჟამად არის „განთიადის” პასუხისმგებელი მდივანი. 1996 წელს გამოსცა პირველი წიგნი − ლექსების კრებული „გარეგანი ფრინველი”, ასევე გამოცემული აქვს ლექსების კრებულები „მზის ოთხი წახნაგი” (2006) და „ვიღაც წვიმის ფლეიტაზე უკრავს” (2008 ), „Ad Libitum” (2011); მისი ლექსები შეტანილია აფხაზეთის ლიტერატურის და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის ეგიდით გამოცემულ კრებულში „აფხაზეთი ქართულ პოეზიაში” (2008), ასევე ქუთაისში გამოსულ სამეგრელოსადმი მიძღვნილ პოეტურ კრებულში „გურს გენია მონტებული” (2007), ანთოლოგიაში „მზეკაბანი” (2010), „მეგრული პოეზიის ანთოლოგიაში” (2016), „პატრიოტული პოეზიის ანთოლოგიაში”, (2016), ხოლო თარგმანები – „პოეტური თარგმანის ანთოლოგიაში”(2017) და „შეყვარებულთა წიგნში” (2018).


* * *
როდესაც ღამე დამტბორავს
ბინდის უძირო აუზად,
მოფარფატდება სიზმარი −
სიკვდილ-სიცოცხლის პაუზა...
სიკვდილ-სიცოცხლის ტიხარი −
ფრთამოხატული ზმანება,
და ჩემი სული ფრთხიალით
ზეფირებს დაემგზავრება...
სივრცეში დაუტეველი,
თითქოს ვქცეულვარ ამ წამად:
გამოვიღვიძებ − ვარ!..
მაგრამ, დავიძინებ და... არცა ვარ...
მე ჩემში მოვკვდი ათასჯერ...
ათასჯერ ვიშვი ხელახლა,
ერთხელაც, კიდევ არშობილს,
რომ სხვა ზმანება მენახა.
ის სხვა ზმანებაც რომ ვნახე,
მივალ, ვბრუნდები მარადში,
სადაც სიკვდილი იქნება
ჩემი სიმშვიდის დარაჯი...
ლეგა ნისლების ტბორიდან
დარდის ბახალა მიმხავის...
სასაცილოდაც არ მყოფნის,
მე რომ მაგ ცის ქვეშ ვიყავი.
მთვარე ჭანგების არილით
ცარგვალს ჩაღარავს ზოლებად,
ჟამი კი, მაკე ჯიქივით,
წყვდიადში მიიზმორება...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები