წყავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყავი

'წყავი – (Laurocerasus officinalis M. Roem = Prunus laurocerasus L.);
ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae).

მეგრულად – წყილი, წყი, წყივი, წყოვი, წყოი.

1-6 მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია, დატოტვილი. ფოთლები მოგრძო-ელიფსურია, მოკლეყუნწიანი, პრიალა, ტყავისებური. ყვავილედი ხშირი, აღმამდგომი მტევანია. გვირგვინი თეთრია, ნაყოფი შავი ფერისაა. ყვ. IV-V; ნაყ. VIII. მცენარე იზრდება ტყეებში, როგორც ქვეტყე. შედის აგრეთვე ბუჩქნარების შემადგენლობაში, ხშირად სუფთა რაყებს ქმნის. კახეთში ის საკმაოდ იშვიათია. მისი ნახვა შესაძლებელია ილტოს აღკვეთილსა და მდინარე კისისხევის ხეობაში. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში.ნიზრდება ზღვის დონიდან დაწყებული მთის ზედა სარტყლამდე ტყეებში, სადაც ქმნის ხშირ ქვეტყეს.

მთელი მცენარე, ნაყოფების გამოკლებით შხამიანია.

სამკურნალო ნედლეული ფოთლებია. ისინი შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის ფარმაკოპეაში (VIII და IX გამოცემებში), როგორც ნედლეული „წყავის წყლის“ მისაღებად, რომელიც წარმოადგენს უნივერსალურ დამამშვიდებელ, ტკივილგამაყუჩებელ, სპაზმოლიტურ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებას. ღებულობენ ფოთლებისაგან წყალთან გამოხდის გზით. შეიცავს 5-10% მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზოდებს, ეთერზეთებს, ფისს. მომქმედ ნვთიერებას წარმოადგენს გლიკოზიდი ამიგდალინი, ნაწლავებში მისი დაშლის შედეგად გამოიყოფა სინილური მჟავები, რომლებიც ანესტე¬ ზიური მოქმედებით ხასიათდება. ზოგჯერ წყავის წყალს უნიშნავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულისა და ფილტვების დაავადებებისას, ხველების დროს.

ფოთლების შემადგენლობაში არსებული ფიტონციდები ავლენს ანტივირუსულ და პროტისტოციდულ აქტივობას. გარდა აღნიშნულისა ზოგიერთი ქვეყნის ფარმაცევტიულ მრეწველობაში იხმარება წამლების სუნისა და გემოს გასაუმჯობესებლად.

ფოთლების გამოხდის გზით ღებულობენ აგრეთვე წყავის ზეთს, რომელიც წარმოადგენს აქროლად, უფერო ან მოყვითალო ნივთიერებას, მწარე ნუშის მსგავსი სუნით და გემოთი. მას იყენებენ სხვადასხვა სახის ფილტევებისა და გულის დაავადებების, ნერვული აშლილობის და ხველების დროს, მსგავსად წყავის წყლისა.

სადღეისოდ ნედლი ფოთლებისაგან მიღებული წყავის პრეპარატები (ნაყენები და ექსტრაქტები) ჰომეოპატიაში გამოიყენება ფილტვების ტუბერკულოზის, ეპილეპსიის, ყივანახველის სამკურნალოდ.

ვინაიდან მცენარე შეიცავს სენილურმჟავებს, რომელთა მიღება სასიკვდილო საფრთხის შემცველია, სახლის პირობებში არ არის რეკომენდირებული პრეპარატების დამზადება და შესაბამისად გამოყენება. უკუმაჩვენებელია მისი მიღება ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებისა და ანემნეზში ქრონიკული დაავადებებისას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები