წყალმომარაგების სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალმომარაგების სისტემანაგებობების კომპლექსი მომხმარებელთა განსაზღვრული ჯგუფის (ან ობიექტის) საჭირო რაოდენობისა და ხარისხის წყლით უზრუნველსაყოფად.

წყალმომარაგების სისტემას უნდა გააჩნდეს საიმედოობის განსაზღვრული ხარისხი, ანუ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს წყალი გარკვეული წნევისა და ხარისხის საზღვრებში. სისტემაში შედის წყლის მიღება ბუნებრივი წყაროდან, გაწმენდა და მიწოდება მომხმარებელზე. ამ ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენება შემდეგი ნაგებობები: წყალმიმღები, წყალასაწევი (სატუმბი სადგური), წყალსაწმენდი, მილსადენები, რეზერვუარები (წყლის მარაგისათვის) და საჭიროების შემთხვევაში წყალსაწნეო კოშკები.

წყალმომარაგების სისტემის ერთიანი გეგმა არ არსებობს. მისი განლაგების სქემა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა: წყლის მოთხოვნის დონე და მოხმარების ხასიათი, ადგილობრივი ბუნებრივი პირობები, წყლის წყაროს ტიპი, მდებარეობა, რაოდენობა და ხარისხი, ეკონომიკური მოსაზრებები და სხვ. ზედაპირული წყლების გამოყენება საჭიროებს საკმაოდ რთულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობების სისტემას, მიწისქვეშა წყლები და წყაროები – ჭებისა და ჭაბურღილების მოწყობას. იმ შემთხვევაში როცა წყლის გაწმენდა საჭირო არ არის, მაშინ წყალმომარაგების სისტემა ძალიან მარტივდება (აღარ არის საჭირო გამწმენდი ნაგებობები, მეორე აწევის სატუმბი სადგურები და რეზერვუარები). მთიან რეგიონებში, თუ წყლის წყარო მაღლა მდებარეობს ობიექტთან მიმართებაში, მაშინ დასაშვებია წყლის მიწოდება თვითდინებით. ზოგიერთ დიდი წარმადობის სამრეწველო საწარმოებში გამოიყენება საბრუნი წყალმომარაგების სისტემა, რომელშიც ნამუშევარი გაცხელებული წყალი ცივდება, იწმინდება და განმეორებით მიეწოდება საწარმოს. ამ შემთხვევებში ე.წ. „ახალი“ წყლის დანამატი სისტემაში შეადგენს 3-5%-ს. იმ შემთხვევაში, თუ ნამუშევარი წყალი განიცდის ძლიერ გაჭუჭყიანებს, მაშინ გაწმენდისათვის იყენებენ სალექარებს. როცა ერთი საწარმოს ნამუშევარი წყალი მიეწოდება სხვა საწარმოს, მაშინ ეწყობა წყლის განმეორებითი მიწოდების სისტემა. საქართველოში წყალმომარაგების სისტემების საიმედოობის ანალიზის, შეფასებისა და პროგნოზირების მეთოდოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბებასა და რეალიზების საქმეში მნიშვნელოვანი სამუშაოები აქვს ჩატარებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს ლევან კლიმიაშვილს.

წყალსადაწნევო კოშკები და რეზერვუარები

წყალსადაწნევო კოშკები და რეზერვუარები წარმოადგენენ წყალმომარაგების სისტემის ნაგებობებს წყალგაყვანილობის ქსელში წყლის ხარჯისა და წნევის დასარეგულირებლად მისი მარაგის შექმნისა და სატუმბო სადგურების მუშაობის გათანაბრებისათვის. წყალსადაწნევო რეზერვუარს, განსხვავებით წყალსადაწნევო კოშკისაგან, არ აქვს საყრდენი კონსტრუქცია (ტანი), მას ჩვეულებრივ აყენებენ ამაღლებულ ნიშნულზე და ძირითადად იყენებენ, როგორც მარეგულირებელ ტევადობას; ხშირად ის სახანძრო რეზერვუარის როლსაც ასრულებს.

წყალსადენის ქსელი

წყალსადენის ქსელი წარმოადგენს წყალგაყვანილობის ხაზების (მილგაყვანილობების) ერთობლიობას მოხმარების ადგილამდე წყლის მიწოდებისათვის; წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები