წყალსაცავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყალსაცავი – ბუნებრივი წყალსატევი მნიშვნელოვანი ტევადობით, რომელიც მდინარის ხეობაში იქმნება წყალსატბორი ნაგებობით წყლის შეჩერების, დაგროვების, შენახვისა და საჭიროებისამებრ განაწილებისათვის.

წყალსაცავი ყველაზე მეტად ხელსაყრელია, განლაგდეს ციცაბო და ნაკლებად წყალგამტარ ნაპირებთან, სადაც წყლის მაქსიმალური მოცულობის მიღებაა შესაძლებელი მინიმალური ზედაპირის ფართობით. წყალსაცავი შექმნისას გრუნტის წყლის დონის აწევის შედეგად სანაპირო არეში მიწები იტბორება (ზოგჯერ ჭაობდება) და ნაპირები ფორმას იცვლის. ამ არასასურველ მოვლენებთან საბრძოლველად ახორციელებენ საინჟინრო თავდაცვებს: შემოზვინვას, დრენაჟს, ნაპირების გამაგრებას და მისთ. დაგროვილი წყლის მოცულობის მიხედვით (კმ3) მსოფლიოს უმსხვილესი წყალსაცავებია: ვიქტორია (უგანდა) – 204,8; ბრატსკი (რუსეთის ფედერაცია) –169,3; კარიბა (ზამბია) –160,3; ნასერი (ეგვიპტე) –160; ვოლტა (განა) – 148; დანიელ-ჯონსონი (კანადა) – 141,2; გური (ვენესუელა) – 138; ტარტარი (ერაყი) – 85; კრასნოიარსკი (რუსეთის ფედერაცია) – 73,3; გორდონ ქრუმი (კანადა) – 70,1 და სხვ.

სარჩევი

წყალსაცავის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები

ა) წყალსაცავის მკვებავი მდინარეებისა და ხევის წყალშემკრები აუზის ფართობი (კვ. კმ);
ბ) წყალსაცავის მკვებავი მდინარეების მრავალწლიური ჩამონადენი, მათ შორის, წყალუხვ და წყალმცირე წლებში (მლნ. კბმ). ამავე მდინარეებისა და ხევის მყარი ნატანის მონაცემები;
გ) კაშხლის ტიპი, სიმაღლე და სიგრძე თხემზე (მ);
დ) წყალსაცავის სიგრძე, მაქსიმალური და მინიმალური სიგანე და სიღრმე (მ), წყალსაცავის სრული და სასარგებლო მოცულობა, წყალსაცავის მოცულობისა და სარკის ზედაპირის ფართობის დამოკიდებულება წყალსაცავის შევსების სიღრმეზე;
ე) წყალმიმღებისა და წყალსაგდების გამტარიანობა (კბმ. მმ);
ვ) წყალსაცავის ნორმალური შეტბორვის ჰორიზონტის შესაბამისი წყლის დონის ნიშნული (მ), წყლის სარკის ზედაპირის ფართობი (კვ. კმ) მინიმალური და მაქსიმალური შეტბორვისას;
ზ) წყალსაცავის პერიმეტრის სიგრძე (კმ);
თ) წყალსაცავზე დაქვემდება-რებული სარწყავი მიწის ფართობი (ათასი ჰექტარი).

წყალსაცავის შევსების რეჟიმი

1. წყალსაცავის შევსება ხდება თანდათანობით, წყალსაცავში არსებული თავისუფალი (სასარგებლო) მოცულობის სიდიდის, კაშხლის, სხვა ჰიდროტექნიკური კვანძების მდგომარეობისა და მოწყობილობის გამართულობის გათვალისწინებით;
2. ნორმალურ პირობებში წყალსაცავის შევსება ხდება დღეღამეში არაუმეტეს 0,5-1,0 მეტრის სიმაღლეზე;
3. წყალსაცავის შევსების რეჟიმის განსაზღვრისას გაითვალისწინება წყალსაცავის მკვებავი მდინარის წყალშემკრები აუზის მეტეოროლოგიური პირობების პროგნოზული მონაცემები. წყალსაცავის მკვებავი მდინარის აუზში მოსული თოვლის ინტენსიური დნობის ან ხანგრძლივი წვიმების შემთხვევაში, რეკომენდებულია წყალსაცავის შევსება და წყლის გაშვება მიმდინარეობდეს პარალელურ რეჟიმში.

წყალსაცავიდან წყლის გაშვების და დაცლის რეჟიმი

1. წყალსაცავიდან წყლის გაშვებამდე აუცილებელია:
ა) განისაზღვროს წყალმოთხოვნილება და წყლის გაშვების რეჟიმი;
ბ) შემოწმდეს ელექტრომექანიკური მოწყობილობების მდგომარეობა;
გ) შემოწმდეს სიგნალიზაციის სისტემის გამართულობა;
დ) ანალიზი ჩაუტარდეს კაშხლის და ჰიდროტექნიკური კვანძების დათვალიერების და განსაკუთრებით კაშხლის გეოდეზიურ მახასიათებლებს;

2. წყალსაცავიდან ქვედა ბიეფში გაშვებული წყლის ხარჯი არ უნდა იყოს მდინარისათვის დადგენილ სანიტარიულ ხარჯზე ნაკლები;

3. წყალსაცავის სრულ (მკვდარ) მოცულობამდე ან ნაწილობრივი დაცლის რეჟიმი უნდა ითვალისწინებდეს მოსალოდნელი წყლის ჩამონადენის წყალსაცავში აკუმულირების შესაძლებლობას;

4. წყალსაცავის დაცლის დაწყებამდე აუცილებელია სიღრმული წყალმიმღებების (როგორც საირიგაციო, ასევე ენერგეტიკული) სრულ, სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები