წყევლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყევლა – წყევა, შეჩვენება, დარისხება, დაკრულვა. მაგიური ფორმულა რისამე აღსაკვეთად, შესაჩვენებლად, გასაქრობად. გამოიყენებოდა ბოროტების დასათრგუნად, ჯადოქრობის დასაშლელად, გასაუვნებლად. დაწყევლილ-შეჩვენებული საგანი თუ არსება შეკრული, მოკვეთილი იყო; მის ახსნას, ხელისხლებას ვერავინ ბედავდა.

წყევლა ზეპირიც შეიძლება იყოს და წერილობითიც. პირველს საყოფაცხოვრებო ხასიათი ჰქონდა და ყოველდღერთობაში იჩენდა თავს. დაწერილი სახით წყევლა შთამომავლობაზე, წამკითხველზე და ტაბუს დამრღვევზე გადადიოდა. ძველ იურიდიულ ძეგლებში, სხვადასხვა შინაარსის სიგელ-გუჯრებში, ნასყიდობა-გასაჩუქრების საბუთებში ხშირადაა შესული ამგვარი სიტყვიერების ფორმულები. წყევლის კვალი სამეფო აქტებშიც შეიმჩნევა. 1699-1701 წწ. თავის წყალობის წიგნს იმერეთის მეფე სვიმონი წყევლითაც ამაგრებდა: „რაც ჩვენის შედეგის ბატონისაგან შენ ეს ჩვენი წყალობა მოგეშალოს, მასამც რისხავს თავათ ღმერთი და ყოველი მისი წმინდანი ზეცისანი, ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი“ (საქ. სიძვ., II, 163). ზოგჯერ წყევლის ფორმულა სასულიერო სტილხეა გავრცობილ-დაზუსტებული: „აწე ვინცა და რამანცა თქვენმან ნათესავმან გუარმან კაცმან შლად და ქცევად ჴელყოს, თავადამც რისხავს ღმერთი, მამა, ძე და სულიწმინდა, ზეცისანი და ქვეყნისანი, შეცაედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, ძრწოლა კაენისა მეხთატეხილობა დიოსკორესი, ცოცხლივ დანთქმა დათან და აბირონისი“ (საქ. სიძვ., II, 263). ამგვარად, წყევლა ზეპირსიტყვიერების უძველესი ჟანრია და თავის დადასტურებას პოულობს წერილობით ძეგლებში.

მ. ჩიქოვანი



ლიტერატურა

მ. ჩიქოვანი, ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები, 1971,. გვ. 108.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები