წყვილების თერაპია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყვილების თერაპია - ფსიქოთერაპია წყვილებთან იმის გამო ტარდება, რომ კონფლიქტური ურთიერთობა შეიძლება ერთ-ერთ პარტნიორთან ემოციური აშლილობის მიზეზი გახდეს, ან კიდევ იმის გამო, რომ ურთიერთობის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია, რის გამოც ურთიერთობა შეიძლება გაწყდეს, ხოლო პარტნიორებს უღირთ მისი შენარჩუნება. თითქოს და მარტივი გადასვლა ინდივიდუალური თერაპიიდან თერაპიის ისეთ ფორმაზე, რომელიც წყვილებთან ტარდება, მნშივნელოვან კონცეპტუალურ განსხვავებას გულისხმობს, რადგან თუ პირველ შემთხვევაში პრობლემა ერთი ადამიანით შემოიფარგლება, მეორე შემთხვევაში ის ორი ადამიანის მიერ არის გაზიარებული. ასეთ დროს არსებული პრობლემა ორი ადამიანის ურთიერთქმედების წესის რეზულტადად განიხილება და მკურნალობა სწორედ ამ ურთიერთქმედებაზეა მიმართული. ურთიერთობის შეფასებისას, სასარგებლოა ისეთი თემების გაანალიზება, რომლებიც ყველა სახის ურთიერთობისთვისაა მნიშვნელოვანი. ასეთი თემებია ღირებულებების გაზიარება, კეთილდღეობის მნიშვნელობა, პარტნიორის პიროვნული განვითარება, ტოლერანტობა განსხვავებების მიმართ, გადაწყვეტილების მიღება. უნდა გვახსოვდეს, რომ ქორწინებათა და ხანგრძლივი ურთიერთობების უმრავლესობა სამ სტადიას გაივლის. ესაა თანაცხოვრება, შვილების გაზრდა და ხელახალი ადაპტაციის გავლა, მას შემდეგ რაც შვილები ოჯახს დატოვებენ. იმისთვის, რომ პაციენტმა თავს არ მოიხვიოს საკუთარი ღირებულებები, თერაპევტი ირჩევს ამოცანაზე ანუ „სამიზნე პრობლემაზე” ორიენტირებულ მიდგომას. წყვილს ევალება იმ სირთულეების იდენტიფიცირება, რომელთა გამოსწორებაც მას სურს.

არსებობს რამდენიმე თერაპიული ტექნიკა. ისინი გარკვეული სახის თეორიულ მიდგომებს ეფუძნება. ეს მიდგომებია ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორული და სისტემური მიდგომა. გარდა ამისა, არსებობს ტექნიკათა კომბინაცია, რომელიც ბოლო ორ მიდგომაზეა დაფუძნებული.

სარჩევი

წყვილების ფსიქოდინამიკური თერაპია

ამ ტიპის ფსიქოთერაპიის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ცოლ-ქმრის ქცევა, ურთიერთობის დაწყების პირველი დღიდან, არაცნობიერი ძალებით არის განპირობებული. თითოეული ადამიანი ირჩევს ისეთ პარტნიორს, რომელიც, მისი აზრით, საკუთარი თავის განუხორციელებელი მხარეების შემავსებელია. როდესაც პარტნიორის შერჩევის პროცესი წარმატებულია, პარტნიორები ავსებენ ერთმანეთს, მაგრამ, ზოგჯერ, ერთ-ერთი მათგანი ვერ ამართლებს მეორეს არაცნობიერ მოლოდინს. მაგალითად, ცოლმა შეიძლება გააკრიტიკოს ქმარი იმის გამო, რომ ის არ არის საკმარისად დამოუკიდებელი და საკუთარ თავში დარწმუნებული, რადგან მას თავად აკლია ეს თვისებები. გარდა ამისა, პარტნიორებმა, შეიძლება, ერთმანეთზე საკუთარი „მე”-ს არასასურველი ასპექტები გადაიტანონ ანუ ის ასპექტები, რომლებიც „მოგლეჯილია” მათ „მე”-ს და უარყოფილია მათ მიერ. მაგალითად, ქმარმა, შეიძლება თავის ცოლზე გადაიტანოს საკუთარი მოწყვლადობა, რომელსაც ის გრძნობს, მაგრამ არ იღებს მას, როგორც საკუთარი თავის ნაწილს.

ამ დროს გამოყენებული თერაპიის მიზანია დაეხმაროს თითოეულ პარტნიორს საკუთარი ემოციური მოთხოვნილებების გაგებაში და იმის გარკვევაში, თუ როგორ „მოექცეს” სხვების ემოციურ მოთხოვნილებებს. ეს შეიძლება რამდენიმე გზით განხორციელდეს. პარტნიორებთან, შეიძლება, ერთდროულად მუშაობდეს ერთი ან ორი თერაპევტი (მეორე შემთხვევაში, თითოეული თერაპევტის ინტერესის საგანს ერთ-ერთი პარტნიორი შეადგენს) ან კიდევ პარტნიორებთან, შეიძლება, ცალ-ცალკე მუშაობდეს ორი თერაპევტი. უკანასკნელ შემთხვევაში, ეს ორი თერაპევტი რეგულარულად ხვდება ერთმანეთს მკურნალობის პროცედურების შესათანხმებლად. თერაპევტის როლი უფრო აქტიურია წყვილებთან მუშაობისას, ვიდრე ინდივიდუალურ პაციენტებთან ფსიქოდინამიკური მიდგომის გამოყენების დროს. გარდა ამისა, ინტერპრეტაცია უფრო მეტად ეხება პარტნიორების ურთიერთობას, ვიდრე გადატანის პროცესს, რომელშიც თერაპევტია ჩართული.

წყვილების სისტემური თერაპია

სისტემური თერაპია მიმართულია იმ ფარულ წესებზე, რომლებიც არეგულირებს მეწყვილეების ქცევას ერთმანეთის მიმართ, უთანხმოებაზე იმის შესახებ, თუ ვინ ადგენს ამ წესებს და წინააღმდეგობაზე ურთიერთქმედების ამ ორ „დონეს” შორის. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ცნებებია სხვა ადამიანთან გათქვეფა ანუ ზედმეტი ჩართულობა მის პრობლემებში და მიზეზ-შედეგობრივი ციკლის ცნება, რომელიც იმას გულისხმობს, რომ არასოდეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთი პარტნიორის დადანაშაულება. მოცემულ ცნებებს განიხილავენ იმ კონფლიქტებთან მიმართებაში, რომლებიც წყვილის ურთიერთობაში აღმოცენდება (მაგ. ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობზე, თუ სად უნდა გაატაროს წყვილმა შვებულება და როგორ გადაწყვეტს წყვილი იმას, თუ ვინ იქნება გადაწყვეტილების მიმღები პირი). ამ გზით წყვილს ეხმარებიან თანამშრომლობითი და გაწონასწორებული ურთიერთობის დამყარებაში. ზოგი თერაპევტი იყენებს ე.წ. „პარადოქსულ დავალებებს” ანუ პროვოკაციულ წინადადებებს. მათი ფუნქციაა სასარგებლო უკურეაქციის გამოწვევა, რომელსაც, წყვილი ადრე გაურბოდა. ამ პროცესში შეიძლება ერთმა ან ორმა თერაპევტმა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ მუშაობა ყოველთვის ორ პარტნიორთან ერთდროულად ხდება.

წყვილების კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია

ამ სახის თერაპია ხანმოკლე და ძალზე სტრუქტურირებულია. ის ოპერანტული განპირობების პრინციპებზეა დამყარებული. თერაპევტი ცდილობს იმის დადგენას, თუ რანაირად ხდება ერთმანეთის მიმართ განხორციელებული ქცევის არაცნობიერად განმტკიცება მისი შედეგების მიერ. თითოეულმა მეწყვილემ უნდა დაასახელოს ის ალტერნატიული ქცევები, რომელიც სურს რომ განახორციელოს მისმა პარტნიორმა. ეს ქცევები, რაც შეიძლება ზუსტად უნდა იქნას აღწერილი. მაგალითად, სასურველი ქცევის აღწერა ასეთი სახით უნდა ხდებოდეს: „დამელაპარაკოს ნახევარი საათის განმავლობაში სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ” („მომაქციოს ყურყურადღება” - აღწერის შეუფერებელი ფორმაა). პარტნიორები თანხმდებიან, თუ რა სახით დააჯილდოებენ ერთმანეთს სასურველი ქცევის შესრულებისას. ჯილდო უნდა გამოხატავდეს სიყვარულსა და მოწონებას, ან ისეთ ქმედებაში უნდა გამოიხატებოდეს, რომელიც მეწყვილესთვისაა სასურველი. ურთიერთგაცვლის ასეთ პროცესს „რეციპროკული მოლაპარაკება/ გარიგება” ეწოდება. გარდა ამისა, მეწყვილეებს ეხმარებიან იმაში, რომ მათ უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან, მოუსმინონ ერთმანეთს და უფრო მკაფიოდ გამოხატონ თავიანთი სურვილები. თერაპიის მოცემული ფორმის ასეთი სახით წარმოდგენილი რეზიუმე უფრო გარიგებასა და ვაჭრობას ჰგავს, ვიდრე მოყვარული ადამიანების ურთიერთობას, მაგრამ პრაქტიკული განხორციელებისას, ის ეხმარება წყვილს თანამშრომლობაში და ისეთი უსარგებლო ჩვევების დაძლევაში, როგორიც ერთმანეთის კრიტიკა და წუწუნია. ამის შედეგად პარტნიორებს უფრო დადებითი განცდები უჩნდებათ ერთმანეთის მიმართ. მოცემული მეთოდი აღწერილია სტიუარტის მიერ (Stuart, 1980). ზოგიერთი თერაპევი, დამატებით, იყენებს ბეკის თეორიაზე დამყარებულ კოგნიტურ მიდგომას (Beck, 1988).

წყვილების ბიჰევიორულ-სისტემური თერაპია

აქ აღწერილი მიდგომა ქროუს (Crowe) ეკუთვნის. ის განკუთვნილია წყვილების იმ პრობლემებზე სამუშაოდ, რომლებიც ფსიქიატრიულ პრაქტიკაში გვხვდება. როგორც ამ მიდგომის სახელწოდებიდან ჩანს, ის ორი რიგის კომპონენტებს მოიცავს. ქცევთი კომპონენტებია „რეციპროკული მოლაპარაკება” და ტრენინგი კომუნიკაციაში. სისტემური კომპონენტებია „სტრუქტურული ნაბიჯები”, განრიგი,ამოცანები და პარადოქსების გამოყენება. ეს კომპონენტები გაერთიანებულია მზარდი სირთულის მიხედვით. თავიდან გამოიყენება უმარტივესი პროცედურები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, თანდათანობით რთულდება. ბიჰევიორული მეთოდები უფრო მარტივ შემთხვევებში გამოიყენება, ხოლო შედარებით კომპლექსური სისტემური პროცედურები დამატებით შემოაქვთ ისეთი წყვილებისთვის, რომლებსაც უფრო მეტი სიმპტომი აღენიშნებათ, ნაკლებად სურთ, რომ თერაპია მათ ურთიერთობაზე იყოს ფოკუსირებული და ურთიერთქმედების უფრო ხისტი პატერნი ახასიათებთ.

თერაპია, ჩვეულებრივ, 5-10 სეანსს მოიცავს და 3-6 თვე გრძელდება. თერაპევტმა უნდა დაამყაროს ურთიერთობა ორივე პარტნიორთან, არც ერთს არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა და არც ერთის მხარე არ უნდა დაიკავოს. თერაპევტის ყურადღება წყვილის ურთიერთქმედებაზეა მიმართული, რათა დაეხმაროს მას შეცვალოს ურთიერთობის სტილი. თერაპევტი დამდგმელი რეჟისორის როლში უფრო გამოდის, ვიდრე მოლაპარაკების მონაწილის. ის უბიძგებს მეწყვილეებს თერაპევტის ნაცვლად ერთმანეთს ესაუბრონ და აკეთებს კომენტარს სეანსის განმავლობაში მათ მოქმედებასა და საუბარზე. სირთულე ჩნდება ისეთ წყვილებთან მუშაობისას, რომლებსაც კარგად შეუძლიათ კომუნიკაცია ინტელექტუალური საკითხების ირგვლივ, მაგრამ არა საკუთარ გრძნობებთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანისთვის კითხვების დასმის ნაცვლად, სჯობს ვთხოვოთ მეწყვილეს, რომ მას კითხვები დაუსვას. მაგალითად: „ხომ ვერ ჰკითხავ ჯონს, რას ფიქრობს შენს ნათქვამზე?” სეანსი, ჩვეულებრივ, მთავრდება მოცემული წყვილისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეტყობინებით. ეს შეტყობინება მეწყვილეებმა შინ დაბრუნებისას ერთად უნდა განიხილონ.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები