წყრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყრომი (ლათ. Otus scops Linnaeus, 1758 − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბუსნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − წყრომი.

წყრომი ერთ-ერთი ყველაზე პატარა ზომის ფრინველია ბუსნაირთა შორის, ფრთა 143-163 მმ-ია, ნისკარტი ნესტოების წინა კიდეებიდან წვერომდე – 8-10 მმ, წონა – 78-80 გ. დედალი ოდნავ დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის ზურგის მხარე მეტად ცვალებადი შეფერილობისაა და მერყეობს მურა-რუხიდან მოწაბლისფრო-ქარც ფერამდე. თავი ზემოდან და ზურგი აჭრელებულია ნაზი წვრილი წინწკლებით, მუქი ვიწრო ღერძულა ლაქებით და გაფანტული მოთეთრო წინწკლებით. მხრების ბუმბულების გარეთა მარაოებზე ხშირად არის მსხვილი თეთრი ან ჟანგმიწისფერი ლაქები, ხოლო წვეროს ნაწილში–მოშავო არშიები. სხეულის ქვემო მხარე უფრო ღიაა, ვიდრე ზემო მხარე. მასზე მკვეთრი გასწვრივი ზოლებია. ეს ზოლები უფრო ფართოა მკერდსა და სხეულის გვერდებზე. სახის დისკო მორუხოა, წვრილი მუქი წინწკლებით და შემოვლებულია უფრო მუქი ბუმბულებით. პირველი რიგის მომქნევები მურაა, მორუხო წვეროებით. მათ შორის პირველი ხუთი მომქნევების მარაოებზე ნათელი განივი ლაქები და თეთრი სიჭრელეა. საჭის ბუმბულები მორუხო-მურაა, ბრჭყალები–მუქი, მოყვითალო ძირებით, ნისკარტი მუქი-რქისფერი.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული წყრომი – O. s. scops Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ, შუა და აღმოსავლეთ ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასტუნისიდან და მაროკოდან საჰარის ჩრდილოეთ განაპირამდე; კანარის კუნძულებს, კვიპროსს, კრეტას, მცირე და წინა აზიას, თურქესტანს; სამხრეთ-დასავლეთ ციმბირს ალტაიმდე. ზამთრობს ტროპიკული აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში – ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ფოთლოვანი და შერეული ტყის კორომები, ქვეტყითა და ხნიერი, ფუღუროიანი ხეებით, ბაღები, პარკები და ხეივნები. მიმოფრენის დროს შეიძლება უდაბნოებშიც კი შეგვხვდეს. მთებში ადის ტყის ზემო საზღვრამდე.

გამრავლება

ბუდობს მეტწილად ფუღუროებში, იშვიათად – სხვა ფრინველების ძველ ბუდეშიც. ბუდეში ამონაფენი არაა. მაისის ბოლოს დებს 2-5 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 24-25 დღემდე გრძელდება.

კვება

ძირითადად ენტომოფაგი ფრინველია. იშვიათად იჭერს პატარა ზომის მღრღნელებს და ფრინველებსაც. ნადირობს მხოლოდ ღამით.

მნიშვნელობა

მავნე მწერებისა და მღრღნელების განადგურებით გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები