ჭავჭავაძე ნიკოლოზ (გენერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკოლოზ ჭავჭავაძე – ( 05.01.1867-23.05.1920), ქართველი სამხედრო ოფიცერი, კავალერისტი. რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი, რუსეთის რესპუბლიკის არმიის გენერალ-მაიორი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ დაამთავრა კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი, სადაც მიენიჭა კორნეტის წოდება.

სამხედრო სამსახური დაიწყო 1886 წელს კავკასიის საკავალერიო დივიზიის მისი უდიდებულესობა ტახტის მემკვიდრის (ცესარევიჩის) სახელობის ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკში. მეთაურობდა ესკადრონს, შემდეგ – დივიზიონს და საკავალერიო პოლკს. იყო ბრწყინვალე მხედარი, მოჯირითე და მოფარიკავე. ოფიცერთა დოღებსა და შეჯიბრებებში არაერთხელ მიუღია პრიზები და ჯილდოები.

1891 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა პორუჩიკის წოდება,1898 წლის 15 მარტს – შტაბს-როტმისტრის, 1909 წლის 1 იანვარს – როტმისტრის, ხოლო 1912 წლის 26 თებერვალს – პოდპოლკოვნიკის წოდება. 1914 წლის 22 ოქტომბერს ვადაზე ადრე მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. თავის პოლკთან ერთად იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. 1915 წელს, ერთ-ერთ შეტაკებაში, სადაც მისმა პოლკმა თურქთა არტილერიის პოზიციები აიღო, მძიმედ დაიჭრა. ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისა და თავგანწირვისათვის დაჯილდოვდა წმ. გიორგის ოქროს იარაღით და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით.

1917 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარულ ჯარში.

გარდაიცვალა პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე მიღებული მძიმე ჭრილობების გამო, 1920 წელს. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. დაკრძალულია ყვარელში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საგვარეულო აკლდამაში.

საბრძოლოდამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო: გიორგის ოქროს იარაღით(1915 წლის 11 მარტს); წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916 წლის 15 ოქტომბერს); წმ. სტანისლავის III (1902 წ.), II (1914 წ.) და მახვილებით II ხარისხის ორდენთან (1916 წ.); წმ. ანას III (1907 წ.) და II (მახვილებით – 1915 წ.)ხარისხის ორდენით; წმ. ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით - 1915წ.) ხარისხის ორდენით.


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები