ჭანარების გვარი
ჭანარების გვარი – Tinca (Cuvier) 1817
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი:ჭანარები
სხივფარფლიანი თევზები კობრისებრთა ოჯახიდან. ხახის კბილები ერთმწკრივია, ჩვეულებრივ, მარცხნივ 4, მარჯვნივ 5, ზოგჯერ მარჯვნივ 4, მარცხნივ 5 ან 5-5, ანდა 4-4. მათი გვირგვინი ოდნავ ამობურცულია და სუსტად მოკაუჭებული. ქერცლი წვრილია, მათი რაოდენობა გვერდითა ხაზზე 87-120-ია, ისინი ერთმანეთზე კარგად არიან წაფარებული და მჭიდროდ და მტკიცედ სხედან სქელ კანში, რომელიც დიდი რაოდენობის ლორწოს გამოყოფს ხოლმე. გვერდითი ხაზი სრულია და სხეულის წინა ნაწილში ოდნავ ქვემოთაა დაწეული, მაშინ როდესაც კუდის ღეროზე, შუაში გაყვება. მუცელი მთლიანად ქერცლითაა დაფარული ლაყუჩთშორისი სახურავის შუალედამდე. ყველა ფარფლი მომრგვალებულია. ძვლოვანი სხივები არა აქვს. ზურგის ფარფლი იწყება მუცლის ფარფლების ფუძის უკანა კიდის ვერტიკალზე, ანალური ფარფლი ზურგის ფუძის უკანა ვერტიკალზე მოდის. კუდის ფარფლი მეტად სუსტადაა ამოკვეთილი. წინაპირიანია, რომლის კუთხეებში თითო მოკლე ულვაში აქვს. მუცელი ანალური ხვრელის წინ შებრტყელებული არაა. ლაყუჩის აპკები ლაყუჩის წინა სახურავის ძვლის უკანა კიდის ქვეშაა მიმაგრებული. ლაყუჩის ჩხირები საკმაოდ გრძელია. მათი რიცხვი პირველ რკალზე 12-13-ია. ქვედა ყბის ქალასთან შესახსრების არე თვალის წინა კიდის ვერტიკალზე მოდის. ნაწლავის მილი მოკლეა.
გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში და ციმბირში მდინარე ენისეის აუზამდე. ყველგან ერთი სახითაა წარმოდგენილი. ეს სახე საქართველოს ფარგლებშიც მოიპოვება.