ჭარნალი (სოფელი)
ჭარნალი – სოფელი საქართველოში, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ჭარნალი, ზედა ჭარნალი, ავგია, ახალსოფელი). მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 120 მ.
სახელწოდება
ჭარნალი ერთ-ერთი დიდი სოფელია. იგი რამდენიმე კუთხე-უბნისაგან შედგება, რომელთაგან ცნობილია ორი დიდი დასახლება: გაღმა ჭარნალი და გამოღმა ჭარნალი. სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგია ცნობილია: მას ჭალა სიტყვისაგან მომდინარედ მიიჩნევენ. ჩვენი ვარაუდით სოფელი ჭარნალი (და იქვე ამავე სახელწოდების მდინარე) წარმომდგარი ჩანს არა ჭალა სიტყვისაგან, არამედ დასავლეთ საქართველოს მიკროტოპონიმიაში კარგად ცნობილი ჭარ- სიტყვისაგან რომელიც სველი, ნოტიო, წყლიანი საფლობ-ტალახიანი ადგილების აღსანიშნავად გვხდება. ჭარ- ძირის შემცველი გეოგრაფიული სახელები არაერთგზის დასტურდება გურია-იმერეთის, აგრეთვე, რაჭის ტერიტორიაზე.
მაშასადამე ჭარნალი უნდა გავიაზროთ არა როგორც ჭალ-ნარი („ჭალიანი ადგილები“), არამედ როგორც ჭატიო, ჭანჭრობი ადგილები“; „სოფელი, რომლის ტერიტორიაზეც მრავლადაა გუბე-ტბორებიანი, ჭარი ადგილები.
მეორე მხრივ, ამოსავლად შეიძლებოდა გვევარაუდა ქვემო აჭარული სიტყვა „ჭარი“, მნიშვნელობით: „ქვიანი ადგილი“, „ქვავნარი“, „ქვაყრილი ადგილი“. უთუოდ ამ შინაარსს შეიცავენ მიკროტოპონიმები ჭარნალი- ღელე და ტყე სოფ. კოლოტაურსა და სოფ. სირთში. ამრიგად, სახელწოდება ჭარნალი ორგვარად შეიძლება გავიაზროთ: 1. ჭარიანი ანუ სველი, ჭაობიანი ადგილები: 2. ქვავნარი, ქვაყრილი ადგილები.