ჭეიშვილი რევაზ
რევაზ ჭეიშვილი – (დ. 24 აპრილი, 1933, ქუთაისი — გ. 11 სექტემბერი, 2015), ქართველი მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-1995), „საპატიო ნიშნის“ ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).
დაიბადა 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში, იქვე მიიღო საშუალო განათლება; 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; 1960 წლიდან 1992 წლის ჩათვლით მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებაში ჯერ როგორც ლიტკონსულტანტი, მერე — როგორც კოლეგიის და მწერალთა გაერთიანების წევრი. პარალელურად იყო ჟურნალ „ცისკრის“ პროზის განყოფილების გამგე, ჟურნალ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი. 1992 წლიდან არჩეულია საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივნად, 1992 წელს ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდის თავმჯდომარედ, 1992 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრად (1992-1995).
რეზო ჭეიშვილის სცენარების მიხედვით გადაღებულია სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „ცისფერი მთები“, „ჭიდაობას რა უნდა“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“, „ყვარყვარე“, „ზღვის მგელი“, „ბაკულას ღორები“ და სხვ.
მწერალს გამოცემული აქვს რჩეულ პროზაულ ნაწარმოებთა სამტომეული; რომანები „დალი“, „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „მუსიკა ქარში“, „ყაჩაღები“ და სხვ. მისი რომანები და მოთხრობები თარგმნილია რუსულად და დასავლეთ ევროპის ხალხთა ზოგიერთ ენაზე.
1983 წელს ფილმ „ცისფერი მთების“ სცენარისათვის სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
1995 წელს რევაზ ჭეიშვილს ათი მოთხრობისათვის („კუდიანი ვარსკვლავი“, „რკინის სახკომი“, „ხიბარო“ და სხვ.), მთელი მისი შემოქმედებითი მიღწევების გათვალისწინებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
რეზო ჭეიშვილის შემოქმედებაზე დაწერილი აქვთ კრიტიკოსებს: ნოდარ ჩხეიძეს, გურამ გვერდწითელს, გურამ კანკავას, გურამ ბენაშვილს, ნოდარ გვახარიას, თენგიზ ჩხაიძეს და სხვებს. — როგორც ქართველ, ისე არაქართველ ლიტერატორებს.
2012 წელს რეზო ჭეიშვილმა მიიღო პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
წყარო
- ქართველი მწერლები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1992-1995 წლების საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალრები
- რუსთაველის პრემიის ლაურეატები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები
- საბას პრემიის ლაურეატები
- ჭეიშვილები