ჭვირნიშანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭვირნიშანი – წყლის ნიშანი, ფილიგრინი, გამჭვირვალე გამოსახულება – მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით.

ჭვირნიშანი აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდის იტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII საუკუნის ბოლოს. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX საუკუნის ბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია. ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV საუკუნის დამდეგიდან გვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV–XVI სს-ის მიჯნაზე აღმოსავლური წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპული ჭვირნიშნიანი ქაღალდი გაბატონდა. თუ ძველად ჭვირნიშანს სავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდთანობით მან შეიძინა სამეცნიერო და დამცავი დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენ უთარიღო ძველ დოკუმენტაციასა და წიგნებს, ფასიან ქაღალდებს, საბუთებს, მარკებს და ა.შ. ზოგჯერ მას მხოლოდ ქაღალდის გასალამაზებლადაც იყენებენ.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები