ჭყიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭყიმი, ღრინჭოლა - Anthriscus nemorosa (M. Bieb.) Spreng.

Anthriscus nemorosa (M. Bieb.) Spreng. – ჭყიმი, ღრინჭოლა.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 100-150 სმ სიმაღლის, ზემოთ დატოტვილი ღეროთი; ფოთლები ორმაგ-სამმაგ ფრთისებრგანკვეთილია, მათი სეგმენტები კვერცხისებრია ან მოგრძო. ყვავილები შეკრებილია 8-15 სხივიან ქოლგებად, რომელთა საბურველის ფოთლები ვიწრო-კვერცხისებრია, კიდეწამწამებიანი. ყვავილები თეთრია, ჯამის კბილები არ ემჩნევა, გვირგვინის ფოთოლაკები უკუკვერცხისებრია. ნაყოფი მოკლე ჯაგრითაა მოფენილი, კვერცხისებრია ან მოგრძო, მკაფიოდ გამოსახული ნისკარტით, წიბოები არ ეტყობათ. ზეთის სავალი გზები წიბოებს შორის თითო-თითოდაა განლაგებული. ყვ. VI-IX; ნაყ. VIII-X.

იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში, ტყეებში, ტყის პირებზე, სუბალპურ მდელოებზე, ბუჩქნარებში, ხშირად როგორც სარეველა სათიბებსა და საძოვრებზე.

საკვები, ბოსტნეული მცენარეა; მიწისზედა ნაწილი შეიცავს კუმარინებს, ფლავონოიდებს, ტერპენოიდებს, ვიტამინ C-ს, ანთოციანებს, ეთერზეთებს, კაროტინს, ფენოლკარბონულმჟავებს. ფესვები – ორგანულ მჟავებს, არომატულ შენაერთებს, ფენოლებს და მათ წარმოებულებს, კარბონულ მჟავებს, კუმარინებს.

ფესვები ჩინურ და კორეულ ხალხურ მედიცინაში ითვლება სედატურ, ტკივილგამაყუჩებელ და საშვილოსნოს სამკურნალო საშუალებად, იხმარება ამენორეის დროსაც. ფოთლები ხასიათდება ანტიჰელმინტური მოქმედებით; საფრანგეთში გამოიყენება ასციტის, ფილტვების ტუბერკულოზის, სკროფულოზის, ეგზემის შემთხვევაში.

კავკასიაში აპლიკაციის სახით იხმარება სიდამწვრისა და წყლულების დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოებისა და ქალური დაავადებებისას, ასევე კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ.

ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ჭიისმდენი, ანთებისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებით. ნაყოფების ექსტრაქტი ავლენს სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები