ხათორ-თეფნუთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოთი და თეფნუთი

ხათორ-თეფნუთი(ეგვ.) რაეს ასული, რომელიც „რაეს თვალად“ იწოდება. იგი მთავარი პერსონაჟია მითოსისა „ხათორ-თეფნუთის დაბრუნება ნუბიიდან“.

მითოსი მოგვითხრობს: ერთხელ, უხსოვარ დროს, როცა რაე ეგვიპტეში მეფობდა, ხათორ-თეფნუთი, მისი საყვარელი ასული და თვალისჩინი, გაუნაწყენდა და ეგვიპტიდან ნუბიაში გადაიხვეწა. იგი გამძვინვარებული ძუ ლომის სახით დაეხეტებოდა უდაბნოში და თავისი ცხელი სუნთქვით ბუგავდა იქაურობას. რაეს მოენატრა თავისი ასული, თან ძლიერი მტრების წინააღმდეგ მის შემწეობას საჭიროებდა. თან ქვეყანაში ნაყოფიერება შეწყდა, დაიკლო ნილოსის წყალმაც. ხათორი უნდა დაბრუნდეს! მის დასაბრუნებლად რაე აგზავნის თავის ძეს, შუს და სიბრძნის ღმერთს, თოთს. ორივენი უფრთხიან ნამდვილი სახით გაცეცხლებული ქალღმერთის წინაშე წარდგომას, პავიანებად გადაიქცევიან და გასწევენ. თოთი თავისი ბრძნული სიტყვებით და გრძნეული შელოცვებით დააწყნარებს გამძვინვარებულ ძუ ლომს და დაითანხმებს დაბრუნებაზე. იწყება საზეიმო სვლა ეგვიპტისკენ: ყველგან სიხარულით, ცეკვა-თამაშით, სიმღერებით ხვდებიან მას, გზადაგზა ღვინოსა და ლუდს მიართმევენ. ეგვიპტეში დაბრუნებული ხათორი დაქორწინდება თავის ძმაზე, შუზე, რაც ბუნების ნაყოფიერების საწინდარი ხდება. ეგვიპტურ კალენდარში ხათორის დაბრუნება იწოდებოდა „დღედ ვაზისა და ნილოსის სისავსისა“. იმართებოდა ყოველწლიური ზეიმი ამ დღის აღსანიშნავად. ასე მღეროდნენ მოდღესასწაულე ეგვიპტელები: „დენდერაში ღვარად იღვრება ტკბილი ლუდი და მათრობელი ღვინო... თებე სავსეა სიხარულით და ხარობს მთელი ეგვიპტე... თავის სახლში ბრუნდება ხათორი... რა საამურია, როცა ბრუნდება იგი...“



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები